სამი ფაქტორი აფერხებს ევროპის განვითარებას: ის რომ არ არსებობს კაპიტალის ბაზრების კავშირი, რომ ინვესტიციები არ იდება ყველაზე პროდუქტიულ კომპანიებში და რომ ძვირია ენერგომომარაგება- ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა ევრონიუსთან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს პირობა დადო, რომ ეკონომიკა მისი მეორე ვადის დღის წესრიგში მთავარი საკითხი იქნება. საინტერესოა, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს გეგმა და რომელი სამი ფაქტორი აფერხებს ევროპის წინსვლას? ამ და სხვა საკითხებზე საკითხებზე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „ევრონიუსი“ ესაუბრა კრისტალინა გეორგიევას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს.
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მიხარია, რომ შეგხვდით დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რადგან წელი ახლა იწყება. როგორია თქვენი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზრით, ის მთავარი გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიოს ეკონომიკა აღმოჩნდება წელს?
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „მოდი, კარგი ამბით დავიწყოთ. მსოფლიო ეკონომიკა განუხრელად იზრდება. ჩვენი პროგნოზით, წელს და მომავალ წელსაც ზრდა 3.3% იქნება. ინფლაცია მცირდება, ჯერ მიზნობრივ მაჩვენებლამდე არ ჩამოსულა, მაგრამ ახლოსაა. და ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, მაგრამ ეკონომიკა არ ჩავარდა რეცესიაში. გახსოვთ, გასულ წელს დავოსში ყველაზე მეტად რაზე ვღელავდით: ხომ არ მოახრჩობს საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის ზრდას? ასე არ მოხდა. მაგრამ, როდესაც მხოლოდ 3,3-პროცენტიან ზრდას აღწევ, როგორც ვხედავთ, ძალიან დიდი სხვაობაა ეკონომიკის შემოსავლებს შორის. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან კარგად მიდის. ჩვენ ამერიკის ზრდის პროგნოზი ნახევარი პროცენტული პუნქტით გავზარდეთ, მაშინ, როცა ევროპა სტაგნაციაშია. ჩვენ ცოტათი შევამცირეთ ევროპის ზრდის პროგნოზი. განვითარებადი ბაზრების უმეტესობაც არ არის საუკეთესო ფორმაში. რა უშლით ხელს? მყარი დოლარი და ის ფაქტი, რომ საპროცენტო განაკვეთები დიდხანს დარჩება მაღალი. მეორე ის, რომ გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივა საკმაოდ მწირია. ეს პერსპექტივა ბევრად ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ ზრდის საშუალო მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ იმაზე უნდა იზრუნოს, თუ როგორ გაიუმჯობესოს ზრდის პერსპექტივა. და ყველაფერთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქტიულობასაც, რატომ? იმიტომ, რომ ამერიკაში ზრდა სწორედ მაღალმა პროდუქტიულობამ განაპირობა. სხვაგან, ყველგან, პროდუქტიულობა მძინარე მზეთუნახავივით არის, ვერსად ნახავ.
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ეს მძინარე მზეთუნახავი ევროპასაც ეხება?“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „ცოტათი კი. ევროპაში არ არის საქმე კარგად პროდუქტიულობის ზრდის კუთხით. ფაქტობრივად, როდესაც ევროპას ვაკვირდებით, გაუმჯობესების დიდ პოტენციალს ვხედავთ, თუკი ერთიანი ბაზარი მართლაც ამოქმედდება, როგორც საჭიროა. ევროპას სამი რამ აფერხებს. ერთია კაპიტალის ბაზარი: ამერიკაში კაპიტალის ბაზარი ძალიან მაღალ დონეზე ფუნქციონირებს. ევროპაში კი ჯერ ისევ არ გვაქვს კაპიტალის ბაზრების კავშირი. მეორე ის, რომ ინვესტიციები არ იდება ყველაზე პროდუქტიულ კომპანიებში სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის მეწარმეებისთვის სავალდებულო ბიუროკრატიული პროცედურების გამო. მესამეა – ენერგომომარაგების ფასი. ამ კუთხით ევროპა ძალიან დაწინაურდა, რადგან რუსეთზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდა. მაგრამ ეს არ აგვარებს იმ პრობლემას, რომ ენერგომომარაგება ევროპაში სულ უფრო ძვირდება. ამ ფაქტორებიდან ზოგიერთი დიდხანს დარჩება. მათ მარტივად ვერ მოაგვარებ. მაგრამ ევროკავშირის მეტი ერთიანობა პრიორიტეტი უნდა იყოს.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „თქვენ ალბათ უსმინეთ აქ, დავოსში, როდესაც ევროკომისარმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ზუსტად ევროპაში არსებული ბიუროკრატიის ზოგიერთ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. თუმცა მისი მთავარი გზავნილი სწორედ იმას ეხებოდა, თუ როგორ უნდა გახდეს ევროპა უფრო კონკურენტუნარიანი ახალი გლობალური წესრიგის ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი კვლავ დაბრუნდა კაბინეტში და ევროპას უწევს კონკურენცია, ერთი მხრივ, ამერიკასთან და მეორე მხრივ – ჩინეთთან.“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „მე, როგორც ევროპელს, მტკიცედ მჯერა, რომ ევროპას შეუძლია, იყოს უფრო კონკურენტუნარიანი. უბრალოდ უნდა გაკეთდეს ის, რაც კარგად ვიცით, რომ გასაკეთებელია. გამოქვეყნდა მარიო დრაგის ანგარიში ევროპაზე, დიდი ყურადღება დაეთმო 800 მილიარდი ევროს (წლიური) ინვესტიციას. დიახ, ეს მნიშვნელოვანია, მე პირადად ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტი ერთიან ბაზარზე უნდა გაკეთდეს. უნდა დასრულდეს ბანკებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის შექმნა, რადგან თქვენი დანაზოგი, ევროპელების დანაზოგი ამერიკაში მიფრინავს, იმიტომ რომ მათი ბაზარი უფრო მომგებიანია და თანაც დიდი მარჟით. სანამ ადგილობრივი დანაზოგის დაბანდება არ ხდება ყველაზე დინამიკურ კომპანიებში, მანამ ევროპას ძალიან გაუჭირდება, კონკურენტუნარიანობის ამაღლების დასახულ მიზანს მიაღწიოს. ეს შესაძლებელია. ამას სჭირდება კონცენტრირება. მე ძალიან მომეწონა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ კონკურენტუნარიანობა პრიორიტეტია. ასეც უნდა იყოს.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „რამდენად აფიქრებს საერთაშორისო მონეტარულ ფონდს გლობალური ზრდის და ამ სტიმულის შენარჩუნების საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ ახალი უზარმაზარი ტარიფები დაგვიწესოს. ეს ხომ ყველგან დააზიანებს როგორც მთლიანად ვაჭრობას, ისე ეკონომიკის ზრდას საბოლოო ჯამში.“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „როდესაც ახალი ადმინისტრაციის პირველ დღეებს ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავის საარჩევნო დაპირებებს ასრულებს. და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ ამის ერთ ასპექტზე არ გავამახვილოთ ყურადღება. ჩვენ ვაკვირდებით პოლიტიკური რეფორმის ოთხ დიდ ბლოკს, რომლებიც ემსახურება კონკურენტუნარიანობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. ესენია: ვაჭრობა, გადასახადები და საჯარო ხარჯები, დერეგულაცია და ემიგრაცია. ჩვენ დავაკვირდებით ამ ყველაფრის საერთო ეფექტს, როდესაც აამოქმედებენ. იმასაც შევხედავთ, თუ როგორ გაიმეორებენ მსოფლიოს დანარჩენი ქვეყნები ზოგიერთ რეფორმას ან როგორი რეაქცია ექნებათ მათზე. და მხოლოდ ამის მერე გვეცოდინება, მისი საერთო ეფექტი გლობალურ ეკონომიკაზე.
ამ წუთას მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში დადებით ეფექტს ველოდებით ამერიკის ეკონომიკაზე. როდესაც ამერიკაში საქმე კარგად მიდის, ეს, ფაქტობრივად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც აძლევს სარგებელს, თუმცა დამატებით სირთულეებსაც უქმნის მათ სწორედ ტარიფის გამო, რომელიც თქვენ ახსენეთ და ასევე მყარი დოლარის გამო. და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები არავითარ ყურადღებას არ აქცევენ იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ თავად საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად. რა შეიძლება გააკეთონ, რომ გააუმჯობესონ ზრდის პერსპექტივა?“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, ასეთ შემთხვევაში ხომ არ აღმოვჩნდებით ისეთ ვითარებაში, როდესაც ტარიფს საპასუხო ტარიფით დაუპირისპირდებიან ყოველი მხრიდან? თუ განიხილავთ ასეთ პროგნოზს?“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „სავსებით შესაძლებელია. ჩვენ თვალი გადავავლეთ ისტორიას და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ, როდესაც ერთი ქვეყანა პროტექციონისტულ ზომას უწესებს სხვა ქვეყანას, ერთი წლის განმავლობაში 75 პროცენტია იმის ალბათობა, რომ ის ქვეყანაც იმავე ზომით უპასუხებს. ასე რომ, სავარაუდოდ, ასე მოხდება. თუმცა იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ შიდა პოლიტიკას, თანამშრომლობასა და ვაჭრობას, რომელიც შესაძლოა უფრო გაიხსნას ამ ახალი ვითარების გამო. მე ვაკვირდები აზიის ქვეყნებს. ისინი ახლა უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ უნდა დაფიქრდნენ, თუ როგორ გაზარდონ ვაჭრობა ერთმანეთს შორის. მე ვაკვირდები, თუ რა შესაძლებლობები აქვს ევროპას, გავიდეს სხვა ბაზრებზე. კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს? ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რომ ვაჭრობა მდინარეს ჰგავს. ვერ შეაჩერებ. თუ ის დაბრკოლებას წააწყდება, უბრალოდ ირგვლივ შემოუვლის. ვნახავთ თუ არა საპასუხო მოქმედებებს? ვნახავთ. იმის თქმა მინდა, რომ შესაძლოა, ეს არ იყოს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება – შეჯიბრება ქანცის გაწყვეტამდე. მაგრამ, მოდი, დაველოდოთ, თუ რა რეაქცია ექნებათ ქვეყნებს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ისიც, რომ როდესაც ერთი კარი იხურება – მეორე იღება. ისევ და ისევ მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ უამრავი რამ შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ პროდუქტიულობის ასამაღლებლად, წავიდეს რისკზე და გავიდეს ზრდაზე, რაც ჯერ არ გაკეთებულა. გააკეთეთ ეს.“
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „მაგრამ თუკი ყველა ამას გააკეთებს, თუ ევროპას ავიღებთ მაგალითად – მე ცოტა თეორიულად ვიმსჯელებ ახლა, მაგრამ თუკი ახალ მსოფლიო წესრიგზე ვსაუბრობთ, რომელშიც მეტი ტარიფი გვექნება და ა.შ. ამ დროს კი ევროპა შეეცდება გააუმჯობესოს საკუთარი კონკურენტუნარიანობა და იმუშაოს საკუთარ თავზე, მაშინ რამდენად შესაძლებელია, ან რამდენად არის ამის საფრთხე, რომ სულ უფრო მეტად წავიდეთ ეკონომიკური ნაციონალიზმისკენ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის წლევანდელ ანგარიშში გლობალურ რისკებს შორის პირველ ხუთეულში წერია გეოეკონომიკური კონფრონტაცია. და მე ვცდილობ, დავინახო, რამდენად შესაძლებელია, ეს წელსვე ვიხილოთ.“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს. უნდა გვახსოვდეს, რომ არა პოლიტიკოსები, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები ეროვნული უსაფრთხოების გამო უფრო მეტად ღელავენ. არც არის გასაკვირი, რადგან ომი პირდაპირ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ერთი სამხედრო ძალა ცდილობს მეზობლის დაპყრობას. ეს წარმოუდგენელი იყო. მიმდინარეობს დიდი კონფლიქტი ღაზაში. იმედია, ეს მალე დასრულდება. მთელ მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს იმდენი კონფლიქტი, რამდენიც არასდროს ყოფილა. ცხადია, ეროვნული უსაფრთხოება ყველაზე მეტად აფიქრებს ხალხს და, შესაბამისად, პოლიტიკოსებისთვისაც პრიორიტეტული ხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი მიზანი, ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა განუყოფელია ერთმანეთისგან. თუკი ევროპა ეკონომიკურად უფრო ძლიერი იქნება, ის უკეთ მოახერხებს თავდაცვის გაძლიერებასა და საკუთარი მოქალაქეების დაცვას. მე ვიტყოდი, რომ ევროპამ მაგალითი უნდა აიღოს ამერიკისგან, რათა მიხვდეს, თუ რატომ იზრდება ამერიკაში პროდუქტიულობა მაშინ, როცა ის ევროპაში სტაგნაციას განიცდის. ამის შეცვლა შესაძლებელია. და ისევ გავიმეორებ, სასიამოვნოა იმის მოსმენა, თუ როგორ ამბობენ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, რომ „ჩვენ ამის შეცვლას ვაპირებთო“.
საშა ვაკულინა, ევრონიუსი: „ყოველ წელს ვიბრძვით იმისთვის, რომ დავოსში მეტი ქალი იყოს წარმომადგენელი. ყოველ წელს შესამჩნევია პროგრესი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მაინც ცოტაა. თქვენ როგორ ფიქრობთ?“
კრისტალინა გეორგიევა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი: „ჩემი აზრით, კიდევ დიდი გზა გვაქვს წინ. თუმცა არაჩვეულებრივია ის, რომ სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ხელმძღვანელ ქალს ვხედავ დავოსში. თაობათა ცვლა შეცვლის, სავარაუდოდ, უკეთესობისკენ გარემოსაც.“
ავტორი: საშა ვაკულინა