აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისა და კანადის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი შტატებში ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მარკო რუბიომ და მელანი ჯოლიმ საერთო გლობალური გამოწვევების გადაჭრის, მათ შორის საზღვრებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის მისამართით არაერთი განცხადება გააკეთა, მათ შორის იყო ნარკოტიკებით ვაჭრობისა და არალეგალური მიგრაციის შესახებ გაფრთხილება.
ტრამპი დაემუქრა კანადას, რომ გაუზრდიდა ტარიფებს, თუ ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამდა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. როგორც ჩანს, სწორედ ეს საკითხები იყო კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის სასაუბრო თემა ამერიკელ კოლეგასთან.
„ვფიქრობ, რასაც ახლა ვაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. კანადისა და აშშ-ს ურთიერთობები მტკიცეა და სავაჭრო დაძაბულობის, ან სავაჭრო ომის ნებისმიერ ფორმას ღრმა და განგრძობითი შედეგები ექნება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, დავეხმარო ჩემს კოლეგას იმის გაგებაში, თუ რა დევს სასწორზე. რა თქმა უნდა, არ ვიცი, რაზე ფიქრობს ტრამპი. აქედან გამომდინარე, ჩემი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ მისმა გარემოცვამ რეალურად შეაფასოს ჩვენი განსხვავებული არგუმენტები“, – აღნიშნა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დონალდ ტრამპის თქმით, პეკინი შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით ნარკოტიკს აგზავნის. საუბარია ფენტანილზე. კანადის 51-ე შტატად მიერთების წინადადების გარდა, დონალდ ტრამპი ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებითაც დაემუქრა. სანქციების თარიღად დასახელდა პირველი თებერვალი. როგორც კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი იღებს, ამიტომ იგი 31 იანვრამდე დარჩება შეერთებულ შტატებში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს.
„სახელმწიფო მდივანმა კარგად იცის, რა კავშირია ვაჭრობასა და გეოპოლიტიკას შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთად ვიმუშაოთ და არ გავიყოთ იმ მსოფლიოში, სადაც ამდენი გეოპოლიტიკური გამოწვევაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩინეთს. სახელმწიფო მდივანმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ გვაქვს გეგმა. მან იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის „ფენტანილის“ კრიზისის დასაძლევად მუშაობა. შემდეგ მე გავასაჯაროვე ყველაფერი, რაც ჩვენს გეგმებშია. საბოლო ჯამში, ერთად ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი ვალდებულებაა, დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენი ოფიციალური პირები ამაზე იმუშავებენ და რომ ამის შესახებ პრეზიდენტსაც შეატყობინებენ“, – განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ეკონომისტები, რომლებიც კანადისთვის საგადასახადო ტარიფების დაწესებით მიყენებულ ზარალს სწავლობენ, ფიქრობენ, რომ ზიანი აშშ-საც მიადგება და ამით არც ტრამპი იქნება კმაყოფილი. თუმცა რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოტივაცია მაღალია. მას სურს, აიძულოს სხვა ქვეყნები, პატივი სცენ შეერთებულ შტატებს.