ევროსაბჭოს მიერ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის განხილვის საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მედიის კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ქვეყნის შიგნით თუ საერთაშორისო დონეზე, ყველა პლატფორმის მეშვეობით ცდილობენ, ანტიქართული ნაბიჯები გადადგან, რაც, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს ინტერესებს აზიანებს.
„ასეთი ინიციატივებით ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეარყევენ ჩვენი ქვეყნის პოზიციებს, თუმცა, თავისთავად, ეს მეტყველებს ოპოზიციის ბუნებასა და მათი პატრონების ინტერესებზე. მათი ინტერესები, სამწუხაროდ, ძირეულად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის საინტერესო, მაგრამ იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მე მინდა, შეგახსენოთ, წლების განმავლობაში, მათ შორის, როდესაც მე ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ ვაყენებდით ხოლმე რუსული დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს სხვა ქვეყნებთან ერთად და მაშინ საპარლამენტო ასამბლეა არ იზიარებდა ხოლმე ჩვენს პოზიციას. დღეს აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელია, როდესაც პრორუსულობის საბაბით რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ცდილობენ, ქართულ დელეგაციას შეუჩერონ მანდატი. ასეთი ინიციატივები არის აბსოლუტურად ანტიქართული, თუმცა ამითაც ვერავითარ ზიანს ისინი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ვერ მიაყენებენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
5 იანვარს, სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ – „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, კოალიციამ „ცვლილებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, თეოდოროს რუსოპულოსსა და ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მანდატები არ აღიაროს. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭომ 27 იანვარს უნდა იმსჯელოს.