უკრაინის დონეცკის რეგიონში ახალწვეულმა ჯარისკაცებმა ზამთრის ცივ დღეს დაიწყეს წვრთნები, რომლებიც მიზნად ისახავს რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლისთვის მათ მომზადებას.
უკრაინის 24-ე მექანიზებულ ბრიგადაში არიან ის ახალწვეულები, რომლებსაც არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება და ისინიც, ვინც შედარებით უკანა პოზიციებიდან ფრონტის წინა ხაზზე გადმოიყვანეს.

მათი წვრთნა 45 დღე გაგრძელდება და მოიცავს ბრძოლის ველზე საჭირო ტაქტიკური მოქმედების ყველა ასპექტს. ომი უკვე სამი წელია მიმდინარეობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანამდებობის დაკავების ფონზე კიევის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
როგორც ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურს სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. მას იმედი აქვს, რომ მისი კოლეგაც იმავე აზრს გაიზიარებს. ტრამპის თქმით, პუტინი შეთანხმებაზე უარით ანადგურებს რუსეთს. მან ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში განაცხადა, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღეს დაასრულებდა ომს, თუმცა შემდეგ შეცვალა პირობა და ექვსთვიან ვადაზე დაიწყო საუბარი. ამავდროულად კი, გრძელდება ბრძოლა. უკრაინელები უარესი სცენარისთვის ემზადებიან და აგრძელებენ სამხედროების წვრთნას.