სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო 23 იანვარს, ქვეყანაში სავარაუდო პოლიტიკური დესტაბილიზაციის მოწყობის საშიშროებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას გეგმავს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სხდომაში მონაწილეობას მიიღებს სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინიც.
რობერტ ფიცოს თქმით, ქვეყანაში არეულობის მოწყობა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ინტერესია, რომელთაც ჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად ხელისუფლების დამხობა სურთ. მისივე მტკიცებით, სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც თითქოს საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და უკრაინის „მაიდანის“ მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მისი მთავრობის გეგმაა, ქვეყანაში დაასრულოს მშვიდობიანი საპროტესტო შეკრებები, რომელთა რეალური მიზანი, მისი შეფასებით, ადმინისტრაციული შენობების, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის დაკავებაა. რობერტ ფიცოს განმარტებით, მსგავსი ქმედებები კანონის უხეში დარღვევაა და ამ დროს ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალოვანი სტრუქტურები მართლწესრიგის აღსადგენად სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავენ.