ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს – „ქართული ოცნების” დეპუტატი ტიტე აროშიძე.
არჩევნებში სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა: აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნის“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.
არჩილ გუჩმანიძემ რამდენიმე დღის წინ საკუთარ „ფეისბუკზე” გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, „ოცნების“ მაღალჩინოსნები მას ემუქრებოდნენ და სთხოვდნენ, რომ კანდიდატურა მოეხსნა.
თავად არჩევნების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტში აპროტესტებდა ტიტე აროშიძის არჩევას.
„სირცხვილია!“ „არა ტიტეს – სუსი გვიტევს!“ – სწორედ ასეთი შეძახილები ისმოდა ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტებისგან.
სტუდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის „ოცნების“ მიერ უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი ირემაძე „ფეისბუკზე” წერს: „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს საკუთარმა აკადემიურმა საბჭომ სუსისა და ქოცების ზეწოლით თავზე დაასვეს „გეპეიში” 2 წლის წინ „გადოქტორებული” ქოცი (ნაცების მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი), რომელიც აკადემიურ ბაზებში ფიზიკურად არ იძებნება (თუ არ ჩავთვლით 16 წლის წინ ძმის სტატიის თანაავტორობას)”.