აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს, 19 იანვარს, გაიმართა ვახშამი, რომელსაც ამერიკელი მილიარდერები, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი დაესწრნენ.
ეს იყო დახურული ღონისძიება, სადაც პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. ტრამპტან და ამერიკელ მილიარდელებთან ერთად ივახშმა არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსიმ და რობერტ კენედი უმცროსმა. ვახშამს ესწრებოდა დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერიც.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან სტუმრებს უთხრა, რომ რეზიდენტობის პირველივე დღეს 100 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერს ხელს.
„თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე საათში მოვაწერ ხელს ათობით ბრძანებას, რომელთა შესახებაც ჩემს ხვალინდელ სიტყვაში ვისაუბრებ. არცერთ წამს არ დავკარგავთ ხალხის წინაშე მიცემული დაპირებების შესასრულებლად“, – უთხრა დონალდ ტრამპმა სტუმრებს.
თეთრ სახლში დაბრუნებამდე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და მისი პირველი ლედი ტრადიციულად წმინდა იოანეს საეპისკოპოსო ტაძარში ილოცებენ.
თავად ინაუგურაცია კი კაპიტოლიუმის შენობაში გაიმართება, რადგან ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე ცივ დღეებს ელოდებიან. შენობაში მხოლოდ 600 ადამიანი ეტევა.
ინაუგურაციაზე დასწრებას 250 000-მდე სტუმარი გეგმავს. ისინი სავარაუდოდ, მოედანზე შეიკრიბებიან და ცერემონიას გარე სივრციდან ადევნებენ თვალს.