ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებას ღაზის სექტორში მოსახლეობა ზეიმით შეხვდა.
შეთანხმების პირველ ეტაპზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან გასვლა დაიწყეს, რამაც ათასობით დევნილ პალესტინელს სახლში დაბრუნების საშუალება მისცა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ხშირ შემთხვევაში მათ ადგილზე მხოლოდ ნანგრევები დახვდათ.
„ჰამასსა“ და ისრაელის თავდაცვის ძალებს შორის 15-თვიანმა ინტენსიურმა ბრძოლამ ღაზის სექტორის დიდი ნაწილი ნანგრევებად აქცია. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ყველაზე დიდი ზიანი ქალაქ ხან-იუნისს მიადგა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქალაქი კვირას, 19 იანვარს დატოვეს. ისინი აქ ოთხი თვის განმავლობაში იყვნენ, ეს ომის ყველაზე ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაცია იყო.
მსგავსი მდგომარეობა იყო ღაზის სექტორის ჩრდილოეთით.
ჯაბალია უდიდესი ლტოლვილთა ბანაკია, რომლის ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი განადგურდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ბანაკში იმიტომ შეიჭრნენ, რომ ის „ჰამასის“ მეთაურების თავშესაფარი იყო.
ქალაქ რაფაჰში დაბრუნებულ მცხოვრებლებსაც დახვდათ ნანგრევები, რომლებშიც ცხედრები აღმოაჩინეს. ქალაქის საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულადაა ჩამოშლილი.
„რაფაჰში სულ მცირე სამი საავადმყოფო გვჭირდება, ქალაქ ღაზაში კი ხუთი მაინც. ასევე ღაზის სექტორის ჩრდილოეთში სამი საველე ჰოსპიტალი უნდა იყოს, რომ ჯანდაცვის სისტემა აღდგეს. ღაზის სექტორში საავადმყოფოების უმრავლესობა მთლიანად განადგურდა და აღდგენას საჭიროებს“, – ამბობს მარვან ალ-ჰამსი, საავადმყოფოს დირექტორი.
ომმა ღაზის სექტორს უდიდესი ზარალი მოუტანა. ვარაუდობენ, რომ მისი მასშტაბის შესახებ კიდევ ახალი დეტალები გახდება ცნობილი.
თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მესამე და ბოლო ფაზას მიაღწევს, ღაზის სექტორის აღდგენას წლები დასჭირდება.
გასულ წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკავშირმა, გაერომ და მსოფლიო ბანკმა ღაზის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღირებულება 18 მილიარდ ევროდ შეაფასა.