ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა „ჰამასთან” ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმება დაამტკიცა. ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის აპარატზე დაყრდნობით Times of Israel ავრცელებს, რომლის თანახმადაც, შეთანხმება განსახილველად ახლა მთავრობის სრულ კაბინეტში გადაინაცვლებს, ხოლო კენჭისყრა 18 იანვრამდე ჩატარდება.
გუშინ, 16 იანვარს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ჰამასმა” მოლაპარაკების პროცესში ბოლო წუთს „კრიზისი შექმნა“, რის გამოც შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაშლილიყო. დღეს, 17 იანვარს, უკვე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მთავრობის კაბინეტი შეიკრიბებოდა, რათა საბოლოოდ ხელი მოეწერათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
Prime Minister Benjamin Netanyahu at the Security Cabinet meeting at the Prime Minister’s Office in Jerusalem. pic.twitter.com/Wx5uOxQp7D
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) January 17, 2025
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, ასობით სატვირთო მანქანა ყოველდღიურად მიაწოდებს ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორს.
ვრცელდება ფოტოები, რომლებშიც ჩანს, რომ მარაგით დატვირთული სატვირთო მანქანები ეგვიპტის საზღვართან რიგში დგანან და ელოდებიან ღაზაში შესვლის უფლებას. თუკი შეთანხმება გეგმის მიხედვით განხორციელდება, სავარაუდოდ, ეს კვირას მოხდება.