15 იანვარს, გვიან ღამით, ბათუმში თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას. ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების” წარმომადგენლები.
თავდასხმის შემდეგ გახარია ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმმა თაკო შანთაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პოლიტიკოსს აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მისივე ცნობით, გახარიამ კლინიკა უკვე დატოვა.
15 იანვარს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მარტო მყოფ გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა. მათი თქმით, თავდასხმის ადგილი, სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებითაა აღჭურვილი და ეს სასტუმროს ადმინისტრაციამაც დაადასტურა.
„გუშინ გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდებისა და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში სასტუმრო „შერატონში“ გიორგი გახარიას თავს დაესხნენ. თავდასხმისას გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს, გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ დღეს, 15 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის. მმართველი პარტიის დეპუტატის, ლადო ბოჟაძის თქმით, სასტუმრო „შერატონში” არა თავდასხმა, არამედ დაპირისპირება მოხდა.
„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ძალადობა მიუღებელია და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი არის დასაგმობი – დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც ორივე საქმეზე დაწყებულია. მე არც გამომძიებელი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვარ.
მოხდა დაპირისპირება, მოხდა ძალადობა, რაც არის მიუღებელი“, – ამბობს ლადო ბოჟაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი.
გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან ოპოზიციის სხვა ლიდერებიც. მომხდარი დაგმო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
„ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ, სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები – ეს ყველა მოქალაქეს ეხება – არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი. ამის შესახებ საერთაშორისო თანადგომაც იქნება, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ. ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა – იცის რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმდება საქართველო, რომ ქვეყანა ბოლომდე რუსულ რეჟიმად გადაიქცეს. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხმაურებიან უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი გამოძიების სწორი კვალიფიკაციით წარმოებისკენ, საქართველოს პროკურატურას კი, საქმის ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობისა და დამნაშავეთა სისხლის სამართლებრივი დევნისკენ მოუწოდებს.
„ეს საპროცესო ზედამხედველობა გულისხმობს იმასაც, თუ რამდენად სწორი კვალიფიკაციით დაიწყო და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ძალადობას: ეს ძალადობის პრაქტიკა, ძალადობის წახალისება და ძალადობრივი ქმედებები ამ პარტიის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან არახალია და ჩვენთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი საქმიანობა, გამოძიების არაეფექტურობა გარკვეულწილად ახალისებს ამგვარ ძალადობებს.
აღნიშნულ საქმეში შესაძლოა მკაფიოდ იკვეთებოდეს, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმა სწორედაც რომ მის პოლიტიკურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება სწორი კვალიფიკაციით აწარმოოს. მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული არაერთი წყაროს მიხედვით, მასზე ძალადობა ჯგუფურად განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ აღნიშნული კომპონენტიც გამოკვეთოს”, – ამბობს ფატი ჩაფიჩაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი.
გიორგი გახარიაზე თავდასხმას გმობს სახალხო დამცველიც, რომელიც საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სრულფასოვნად ჩატარებას მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.