დასრულდა საყოველთაო გაფიცვა, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით დღეს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარეობდა. ამ სამი საათის განმავლობაში ასობით კომპანიამ შეწყვიტა მუშაობა.
გაფიცვას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა. მისი განცხადებით, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ერთ-ერთი ფორმა. ის ამბობს, რომ ეს არ არის სიახლე მსოფლიო პოლიტიკაში, მაგრამ ეს არის სიახლე ქართულ პოლიტიკაში.
სამწუხაროდ, გაფიცვას არ ჩაუვლია დაპირისპირების გარეშე. დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა მასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს.
