მთავარისაქართველოპროევროპული აქციების 47-ე დღე და უცვლელი მოთხოვნები

პროევროპული აქციების 47-ე დღე და უცვლელი მოთხოვნები

პროევროპული დემონსტრაციების 47-ე დღეს რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ ასობით მოქალაქე შეიკრიბა უცვლელი მოთხოვნებით – ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებული პირები.

გასული დღეების მსგავსად, 13 იანვარსაც, საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები სხვადასხვა საპროტესტო მარშით მივიდნენ. რესპუბლიკის მოედანზე „ვალდორფის“ სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ქართული განათლებისთვის საქართველოს ევროინტეგრაცია გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რადგან წლების განმავლობაში ევროკავშირმა საგანმანათლებლო სფეროში არაერთი მსხვილი ფინანსური ინვესტიცია ჩადო.

„ძალიან ბევრი ორგანიზაცია ფინანსდება ევროპიდან და აშშ-დან. მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვები და მათ [ევროინტეგრაციის შეჩერებით] ემუქრებათ საფრთხე. ევროპული განათლების გარეშე მომავალი წარმოუდგენელია“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, პედაგოგმა, ნანა ღვინჯილიამ.

თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობით და, სიმბოლურად, სამედიცინო პირბადეებით მივიდნენ ფარმაცევტებიც. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, პროტესტმა საყოველთაო ფორმა მიიღოს.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის პარალელურად, 40 დღეზე მეტია, დედაქალაქში პროტესტის კიდევ ერთი კერაა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან. კოსტავას ქუჩაზე შეკრებილები მოითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძისა და მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას. ასევე მათი მოთხოვნაა ხალხისთვის დღის ეთერის დათმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend