თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოში“, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 12 იანვარს, მოსამართლეების ერთობლივი კორპორაციული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფონზე რესტორანთან მოქალაქეებმა, აქტივისტებმა და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ მიტანილი იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც გასულ კვირებში აქციების დროს დაზარალდნენ, ან სამართალდამცველებმა დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, მათ შორის იყვნენ როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. რესტორნის შენობის უკანა შესასვლელთან კი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები განლაგდნენ.
მოსამართლეებმა რესტორანი „ბაბილო“ პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქციის მონაწილეებმა რესტორნიდან გამოსულ ზოგიერთ მოსამართლეს კვერცხები დაუშინეს. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 9 პირი დააკავეს.