სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა შესახებ სპეციალური განცხადება გააკეთეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, განმარტებით, სასამართლო დემონსტრაციებისას დაკავებულთა საქმეებს პოლიტიკური ნიშნით განიხილავს. ეკა გიგაურმა ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელთაც დაკავებულთა უფლებადამცველები საქმეების მიმდინარეობისას აწყდებიან.
„10-11 იანვრის პროცესები მნიშვნელოვანი პროცესუალური და სამართლიანი სასამართლოს პრინციპების დარღვევით ჩატარდა:
● პროკურატურის დაუსაბუთებელი პოზიციები: პროკურორებს პროცესებზე არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. პროკურატურის პოზიციები შაბლონური იყო.
● მიკერძოებული მოსამართლეები: ორივე სხდომაზე დაცვის მხარის მხრიდან დადგა შუამდგომლობა მოსამართლეების აცილების თაობაზე. დაცვის მხარის ადვოკატები ორივე შემთხვევაში მიუთითებდნენ მოსამართლის მიკერძოებულობაზე.
● საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა: მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ განჭვრეტადი იყო ამ პროცესების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე ის, რომ ერთ საქმედ 11 ბრალდებულის, ხოლო მეორე საქმეზე 8 ბრალდებულის საქმეები იყო გაერთიანებული, მოსამართლეებმა ორივე სხდომა პატარა დარბაზში ჩანიშნეს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ადვოკატების შუამდგომლობის შემდეგ დარბაზი შეცვალა. ირაკლი ხუსკივაძემ უარი თქვა დარბაზის ცვლილებაზე, რის შედეგადაც სხდომაზე ვერ შემოვიდა ზოგიერთი ბრალდებულის ოჯახის წევრიც კი.
● დაცვის უფლების შეზღუდვა: მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე სხვა პროცესუალურ დარღვევებს დაემატა ასევე დაცვის უფლების შეზღუდვა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული – 19 წლის ირაკლი მიმინოშვილი უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და პროცესზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი სასწრაფოს გამოსაძახებლად იყო გასული, მოსამართლემ პროცესი არ შეაჩერა და მისი დასწრების გარეშე განაგრძო სხდომა. პროცესზე შესვენება მხოლოდ ადვოკატების დაჟინებული თხოვნით გამოცხადდა. საბოლოოდ, ადვოკატებმაც და ბრალდებულებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რადგან ბრალდებულების სათანადო დაცვა უჟანგბადობის გამო შეუძლებელი გახდა. ხუთ ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის ადვოკატები დაუნიშნეს. სავალდებულო დაცვის ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, მას არ მიეცა შესაძლებლობა შეხვედროდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს და მოესმინა მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
10 და 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯამში 19 ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის გადასინჯვის პროცესი ჩატარდა და მოსამართლეებმა ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვეს.