რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვირას, 22 დეკემბერს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ლიდერებმა უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებისა და რუსული ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ისაუბრეს. მან დისკუსია „საკმაოდ სიღრმისეულ საუბრად“ შეაფასა.
პესკოვის თანახმად, პუტინმა ფიცოს გაუზიარა საკუთარი ხედვა „ბრძოლის ველზე არსებული პროგრესისა და იმ სპეცოპერაციის პროგრესის შესახებ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს“.
„მათ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სლოვაკეთის წინა ხელისუფლების ქმედებების გამო მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოსაზრებები გაცვალეს უკრაინის შესახებაც. პრეზიდენტმა პუტინმა თანამოსაუბრეს საკუთარი ხედვა გაუზიარა ბრძოლის ველზე ამჟამად არსებული მდგომარეობისა და სპეციალური სამხედრო ოპერაციის პროგრესის შესახებ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. მათ ისაუბრეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის საკითხზეც. ასე რომ, საკმაოდ სიღრმისეული დისკუსია შედგა.

არის საუბარი უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტზეც. თქვენ მოსმენილი გაქვთ უკრაინული მხარის წინადადება. იცით ევროპული ქვეყნების პოზიცია, რომლებიც განაგრძობენ რუსული გაზის შესყიდვას, რადგან ამას თავიანთი ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროდ მიიჩნევენ. ძალიან რთული ვითარებაა, რომელიც მეტ ყურადღებას მოითხოვს“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
ევროპელი ლიდერების ვიზიტები და სატელეფონო ზარები პუტინთან საკმაოდ იშვიათი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვმა უკრაინაში ჯარები გაგზავნა. მას შემდეგ, მოსკოვს ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ხოლო ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეხვდა.
ორივე ვიზიტი კიევმა და ევროპელმა ლიდერებმა გააკრიტიკეს. თუმცა, თავად რობერტ ფიცო განმარტავს, რომ მისი კრემლში ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ ევროკავშირის ლიდერები.