ევროკომისიისა და თურქეთის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ერთმანეთს გუშინ, 17 დეკემბერს, თურქეთის დედაქალ ანკარაში შეხვდნენ.
შეხვედრაზე ლიდერებმა განიხილეს სირიის რეკონსტრუქციისა და განვითარების სამომავლო გეგმა, რომელიც ლტოლვილების ქვეყანაში დაბრუნებასაც ითვალისწინებს. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი კონფერენციაც. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი 2011 წლიდან თურქეთს სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად ათობით მილიარდი ევროთი უზრუნველყოფდა და ახლაც მზადაა, დამატებით მილიარდი ევრო სირიისა და სირიელი ხალხის ახალი საჭიროებებისთვის გამოყოს. ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საერთაშორისო საზოგადოება სამოქალაქო ომის დროს სირიისთვის დახმარების არაეფექტიანად მიწოდებაში და მსოფლიოს მოუწოდა დაეხმარონ მას სირიის რეკონსტრუქციაში.
„სირიელ ხალხს ამ სირთულეების დამოუკიდებლად გადალახვა არ შეუძლია. სირიის მეზობელი ქვეყნები, ევროკავშირსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, სწრაფად უნდა დადგნენ ფეხზე სირიის მხარდასაჭერად“, – ამბობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
The 🇪🇺🇹🇷 relationship is important.
Our economic relationship is growing stronger every year.
And Türkiye remain a key partner on migration.
An extra €1 billion for 2024 is on its way to support Türkiye’s efforts to host Syrian refugees. pic.twitter.com/cr3Tfaz7l9
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 17, 2024
„ჩვენ გავაძლიერებთ ევროკავშირის ჩართულობას სირიის აღდგენის პროცესში. მათ შორის ძირითადი სერვისების – ელექტროენერგიის, წყლისა და ინფრასტრუქტურის აღდგენაში. 2024 წლისთვის ჰუმანიტარული დახმარება 160 მილიონ ევრომდე გავზარდეთ და კვირის ბოლომდე ამ დახმარებით ლტოლვილები უკვე ისარგებლებენ“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„2011 წლიდან ევროკავშირმა თურქეთს ლტოლვილებისა და ადგილობრივი თემების მხარდასაჭერად თითქმის 10 მილიარდი ევრო გამოუყო. მოხარული ვარ დღეს განვაცხადო, რომ 2024 წლის ბოლომდე დამატებით მილიარდ ევროს გამოვყოფთ. ეს თანხა მოხმარდება ლტოლვილთა ჯანმრთელობასა და განათლებას. გაგრძელდება თურქეთ-სირიის საზღვრის კონტროლი და ამის შემდეგ გამოყოფილი თანხა შესაძლოა სირიის სხვა საჭიროებებსაც მოხმარდეს“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
სირიაში უკვე შეიქმნა გარდამავალი მთავრობა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს.