„ესტონეთმა 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე” – ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
„ესტონეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წევრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობა კრიმინალია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და მოქმედებისკენ მოვუწოდებ”, – წერს მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე.
Estonia sanctioned another 14 #Georgian authorities, including Prime Minister Kobakhidze.
The violence perpetrated by the 🇬🇪 authorities against protesters, journalists & opposition leaders is criminal & against human rights.
I call on all EU countries to react & to take actions— Margus Tsahkna (@Tsahkna) December 15, 2024
ესტონეთთან კოორდინაციით მმართველი პარტიის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა ლიეტუვამაც. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეა მინისტრი კესტუტის ბუდრისი ავრცელებს პლატფორმა X-ზე.
„ლიეტუვა ქართველი ხალხისა და მისი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია, კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობასა და ჩაგვრას. ევროკავშირის დონეზე ერთობლივი მოქმედების დროა!“ – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მანამდე, 2 დეკემბერს, ბალტიის ქვეყნებმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ სანქციები დაუწესეს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაზე პასუხისმგებელ პირებს. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებათა დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – განაცხადეს ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.