საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ევროპარლამენტარებმა შეხვედრის მონაწილეთა პოზიცია მოისმინეს და ქართველ ხალხს ევროკავშირის სტრუქტურების მხარდაჭერა აღუთქვეს.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ აქ ვართ, 7 ევროპარლამენტარი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან, ბევრს ნიშნავს, რადგან გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებში ევროპულ დროშებს აფრიალებს და იბრძვის იმისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციაში წერია – ევროატლანტიკური გზისთვის. ახლა საქართველოს მინიჭებული აქვს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ასე რომ, სტანდარტები ძალიან მაღალია ასეთი მოთხოვნებისთვის. ჩვენ ვართ აქ, როგორც ფაქტების დამდგენი მისია, იმისთვის, რომ ვნახოთ სიტუაცია ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორი დასკვნების საპოვნელად ჩვენი მისიის შემდეგ. ჩვენ გვსურს, ევროკავშირმა იმოქმედოს, უფრო ხმამაღალი და უფრო მეტად მხარდამჭერი იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, ვიცით, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქ არ ვართ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც ახლა ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტშია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ.
ევროპარლამენტარებსა და “ქართული ოცნების” ლიდერებს, ან პრეზიდენტის გარდა რომელიმე სხვა სახელისუფლებო თანამდებობის პირთან შეხვედრა არ შემდგარა. “ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ეს ევროპარლამენტარები მხარს კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ და მათი პოზიციები მიკერძოებულია.
ალეკო გვეტაძე