საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მოსახლეობის პროტესტს „ქართული ოცნების“ მიერ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის შეჩერების თაობაზე, არაგულწრფელს და პოლიტიკური პარტიების მხრიდან, საარჩევნო მარცხით გამოწვეულ რადიკალურ ქმედებებს უწოდებს.
მისი განცხადებით პროცესები ქუჩიდან პარლამენტის კედლებში უნდა დაბრუნდეს. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროტესტს რუსთაველის გამზირზე ქართულ საპროტესტო კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ზოგადად, სამწუხაროდ, ბოლო ათი დღეა რუსთაველის გამზირი იქცა ძალადობის კერად. ჩვენ ყოველ საღამოს ვხედავდით, ერთი-ორი დღის შუალედით. ვნახეთ, რომ ორი დღე მშვიდობიანად მიმდინარეობდა მანიფესტაცია და როგორც ჩანს, ამითაც დაიძაბნენ, რომ მუხტი ეცემოდა და შემდეგ დღეს, კვლავ პიროტექნიკით ააჭრელეს აქაურობა და თავს ესხმოდნენ პოლიციელებს. იმის თქმა მინდა, რომ ზოგადად, ძალადობის კერად იქცა რუსთაველის გამზირი, სამართალდამცველებს რისი აღკვეთაც შეუძლიათ, რა ძალადობის აღკვეთასაც ახერხებს, იმას აღკვეთენ, თუმცა მთლიანად ვხედავთ, რომ რაღაც ქაოსურ გარემოს ქმნიან რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის ცალკეული მონაწილეები, ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს გამოწვევა არის, რომ პოლიციას ყველა ამ საკითხზე რეაგირება არ შეუძლია. [პოლიცია] რისი შემსწრე იყო და რეაგირება მოახდინა, ეს სპეციალური სამსახურის გამოძიების ნაწილია და ყველა ამ საკითხს პასუხს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გასცემს. ეს დღეები, ბევრ დანაშაულზე რეაგირება ვერ ხდებოდა, ვხედავდით, რასთან გვქონდა საქმე, პოლიციელებს პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ მაშხალებს.
გულწრფელი მოძალადე არ არსებობს, როდესაც მაშხალას ესვრი ოპერატორს, პოლიციელს. პოლიციელზე თავდასხმა არის უფრო მძიმე დანაშაული, კანონმდებლობით პოლიციელები განსაკუთრებულად დაცული არიან და როდესაც პირდაპირ დამიზნებით საარტილერიო ცეცხლს უხსნი პოლიციას, პარლამენტის უკან, პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ამას კავშირი არ აქვს არც ევროპასთან, არც გულწრფელობასთან, არც ქართველობასთან და საერთოდ, ადამიანურ ღირებულებებთან.
მინდა, გავამხნეო მოსახლეობა, რომ ყველაფერი იქნება კარგად, არავითარი ქაოსი, არეულობა თუ დღის წესრიგის შეცვლა არ მოხდება.
მთავარი მუხტი, რითაც მიმდინარე პროტესტი იკვებება, არის ჩატარებულ არჩევნებზე განცდილი მარცხი, როდესაც ამომრჩევლის ნაწილმა მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე „ყველაზე შორსაა წასული.
შეწყდეს ძალადობა და აგრესია, პროცესი დაუბრუნდეს პოლიტიკური ცხოვრების კალაპოტს. არჩევნები ახალი დასრულებულია, პოლიტიკური ველი გადატვირთულია, ადამიანებმა თავისი ნება გამოხატეს თავისუფლად და შედეგიც სამართლიანად დადგა. ეს მოცემულობა უნდა მიიღოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ძალადობრივი აქციები უნდა დასრულდეს, მშვიდობიანად გამოხატული პროტესტი უნდა დაუბრუნდეს პოლიტიკური განვითარების კალაპოტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.