მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე: „აქციები გრძელდება შინაარსის გარეშე”

ირაკლი კობახიძე: „აქციები გრძელდება შინაარსის გარეშე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი, 9 დეკემბრის, სხდომა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრით დაიწყო. მან კვლავ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს. მისი თქმით, უშინაარსო, არაგულწრფელი, რადიკალური და პარტიული საპროტესტო აქციის მიმართ გატარებული საპოლიციო ღონისძიებების გამო.

„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს. მაშინ იყო დაძაბული ვითარება. ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის სერიოზული რესურსი. ომის პარტიამ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში მთლიანობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში.

რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია. გუშინ შს სამინისტრო საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია, აქაც იყო ძალადობის რიგი შემთხვევები. თავს დაესხნენ პარლამენტის შენობას. იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული. რეალურად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს.

ახლა გრძელდება აქციები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია 4 პარტია, 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. პროტესტი რუსთაველის გამზირზე შინაარსისგან არის დაცლილი. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება. ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ ისინი და არიან ამ ძალადობის მიმართ ლოიალურად განწყობილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ელის ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას. მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების” პოლიტიკით დაასრულებენ იმ ძალების გავლენას, რომლებიც ქვეყანას საფრთხეს უქმნიან.

„ჩვენ აქამდე აშშ-სთან გვქონდა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც სინამდვილეში არ ჰქონდა შინაარსი. ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები და საუბარი დავიწყოთ რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვგულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას. ეს, ბუნებრივია, ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბარი ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ განსხვავებულად ვხედავთ ამ პარტნიორობის გაგრძელებას. დღეს არ გვაქვს არც უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც პირდაპირი ფრენები. გვინდა, რომ სტრატეგიულმა პარტნიორობამ კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანოს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამაზე გვინდა აქტიურად საუბრის დაწყება ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა პრემიერმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend