დღეს, 8 დეკემბერს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა BMG-ის ეთერში ისაუბრეს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ძალადობის შესახებ. მათ დაგმეს საპროტესტო აქციის მონაწილეებზე თავდასხმა და განაცხადეს, რომ დროა ქვეყანაში ვითარება შეიცვალოს.
„სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს და ყველა დაზარალებულ მოქალაქეს ამ სიმხეცეზე, სხვას ვერაფერს დავარქმევ. ბოლო 10 დღეა, ამ ყველაფერს ქვეყნის მთავარ მოედანზე ვუყურებთ. როგორ მივედით აქამდე? – ბევრი რამ არის ამის განმაპირობებელი, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი რაც არის, ეს ჩვენი ბიზნესის სიჩუმეა, ის თამაშის წესები, რომლებიც წლებია, არსებობს ამ ქვეყანაში და საბჭოთა დროიდან გადმოგვყვა. ეს „ცეხავიკური“ თამაშის წესებია, რომლებიც განაპირობებს ჩვენს ინდივიდუალურ კონფორმიზმსა და შემგუებლობას ამ ყველაფრისადმი, იმ კომფორტსა და იმ კომფორტის ზონაში ყოფნას, რომელშიც ვართ და ვყოფილვართ აქ მყოფნი ჩემი ჩათვლით. როგორ კეთდება საქმე მარტივად – უნდა გქონდეს რაღაც კავშირი და წვდომა მთავრობის რომელიმე გადაწყვეტილების მიმღებ პირთან და ამით აღწევ ერთგვარ წარმატებას და იღებ იმ ფასს, რასაც ქვეყანა დღეს იხდის ამ ყველაფრით”, – აცხადებს ბიზნესმენი ნიკა გამყრელიძე.