რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. პოლიციამ პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო. დემონსტრანტები კი, პოლიციის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან.
ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან განლაგებული, ვითარება პერიოდულად იძაბება. ადგილზე განთავსებულია სპეციალური ტექნიკაც.
წყლის ჭავლის გამოყენებამდე აქციის მონაწილეები პროტესტს პარლამენტის წინ განთავსებულ ლითონის კონსტრუქციაზე ხმაურით გამოხატავდნენ.
თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავეს. მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პროტესტი კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში გამოხატონ, „ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე კანონის დასაცავადაა მობილიზებული“.
ბოლო სამი დღის განმავლობაში პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით საპროტესტო აქციებზე 150 დემონსტრანტი დააკავეს.
თბილისში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს. გარდა დედაქალაქისა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს საქართველოს სხვა ქალაქებშიც.