საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეები იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები ბათუმში, ზუგდიდში, ხაშურში, ქუთაისსა და თელავში იმართება. ბათუმში აქციის მონაწილეები შეკრებილები არიან ევროპის მოედანზე. აქცია ბათუმში 30 ნოემბრის დილით აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაიწყო.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, ტელევიზიამ მათ წარმომადგენლებს დაუთმოს ეთერი, რათა მაყურებელს თავიანთი სათქმელი მიაწოდონ იმ ტელევიზიით, რომელსაც საზოგადოება თავად აფინანსებს.
როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზია დათანხმდა მოთხოვნებს და ეთერს დაუთმობს მიმდინარე მოვლენებს.
საპროტესტო აქციაზე ხმაური იყო გუშინ, სადაც პირველად გამოიყვანეს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა.
მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.