მოქალაქეები აპროტესტებდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
საპროტესტო აქცია თბილისში უკვე დასრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. პარალელურად, ტერიტორიას ტოვებენ ის საპოლიციო ძალები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს ეზოში იყვნენ განლაგებულები.
საპროტესტო აქციების პარალელურად მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ გაჩერება აღარ შეიძლება. ისინი მოქალაქეებს ერთიანობისა და ბრძოლისკენ მოუწოდებენ. ისინი აცხადებენ, რომ მშვიდობიანად იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ. ასევე ამბობენ, რომ რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა სახელმწიფოს გადატრიალებაა.
მათი თქმით, ახლა გამოსავალი ისაა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე პარტნიორების მხრიდან ზეწოლით, ხელისუფლება უნდა აიძულონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნონ ის, რაც მოჰპარეს და მისცენ არჩევნების ახალი თარიღი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე, ამ ეტაპზე, აქციაზე დაკავებული 16 პირის შესახებ არის შესული შეტყობინება. მათივე ცნობით, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში.
მათი ცნობით, არასამთავრობო ორგანიზაციამ მოუწოდა სამართალდამცველებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და არ გამოიყენონ ძალადობრივი მეთოდები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ კონსტიტუციის, “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” და “პოლიციის შესახებ” კანონების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ დაიწყო პროევროპული მშვიდობიანი შეკრების წყლის ჭავლით (რომელშიც გარეულია ქიმიური მინარევები), ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით დაშლა, აქციის მონაწილეთა უკანონო დაკავება, რომელსაც თან ახლავს მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ასევე, აქციის დროს პოლიცია ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში ჟურნალისტებს, მიზანმიმართულად აყენებს მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას და უზიანებს აპარატურას. პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ცალსახად შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური მოპყრობა აქციის მონაწილეთა მიმართ“ – წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს„ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმაც და წერს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას. პირველადი შეფასებით 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.
დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად, რის თაობაზეც ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ.
„მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა“ – წერია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათ შორის განცხადება გაავრცელეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ათობით თანამშრომელმა. ისინი წერენ, რომ 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება.
ამას გარდა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაავრცელა განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან განაცხადა, რომ დგას ქართული მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც, მისი თქმით, არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან საქმიანობის შესრულებისას. ის ასევე გუშინ გვიან ღამით მივიდა რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდა. თქვენი მოვალეობა არ არის, რომ დაშალოთ ხალხი! რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? თქვენ პრეზიდენტს არ პასუხობთ?” – მიმართა ზურაბიშვილმა სამართალდამცავებს.
იქამდე კი ორბელიანების სასახლეში მან დიპლომატიურ კორპუსთან, ასევე ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან განაცხადა, რომ ბოლომდე იქნება ამ პროტესტის გვერდით, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტის წარმომადგენელი. მან ასევე ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა.
ასევე ილია მეორეს საქართველოს პატრიარქს მიმართა მეუფე ზენონმა, რომელიც მას სთხოვს, სამშობლოს საუკუნის ღალატს წინ აღუდგეს საპატრიარქო.
ასევე განცხადება გაავრცელა მედიაომბდუსმენმა. ისინი მოუწოდებენ შსს-ს შეწყვიტოს მედიაზე და აქციის მონაწილეებზე თავდასხმა.
ანა ალელიშვილი
.