მთავარიაზიალიბანიისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა

14-თვიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ისრაელსა და ლიბანის შეიარაღებულ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.

აშშ-ის შუამდგომლობით ორივე მხარე სამხრეთ ლიბანიდან ჯარს გაიყვანს, რაც მილიონ ლიბანელსა და ათობით ათას ისრაელელს სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში ადგილობრივი დროით 27 ნოემბრის დილის 04:00 საათზე (თბილისის დროით 06:00 საათზე) შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს სამხრეთ ლიბანში დააბრუნებს, თუ „ჰეზბოლა“ შეთანხმების პირობებს დაარღვევს.

 

„რატომ უნდა მივიღოთ ახლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება? არსებობს სამი ძირითადი მიზეზი: პირველი ისაა, რომ უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება ირანიდან მომდინარე საფრთხეზე, მეტს აღარ განვავრცობ. მეორე მიზეზი ჩვენი სამხედროებისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა და მარაგების შევსებაა. პირდაპირ ვიტყვი, დასამალი არაა, რომ იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდების მხრივ შეფერხება იყო. ეს შეფერხება მალე აღმოიფხვრება. ჩვენ მივიღებთ მოწინავე ტექნოლოგიის იარაღს, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს დაიცავს და მისიის შესასრულებლად მეტ ძალას მისცემს. მესამე მიზეზი კი ისაა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაგვეხმარება „ჰამასის“ ყველასგან იზოლაციაში”, – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღების საკითხის განსახილველად ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, 26 ნოემბერს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი მოიწვია.

შეთანხმება არ ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, თუმცა პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, ის გამოყენებს ამ შანსს ღაზაში ომის დასასრულებლად. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ამბობს, რომ „ჰამასის“ დაჯგუფების სრულ განადგურებამდე ღაზაში სამხედრო ოპერაციას არ დაასრულებს.

„ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს კონფლიქტი ძალადობის მორიგი ციკლი არ იქნება. სწორედ ამიტომ აშშ და საფრანგეთი, სხვა მოკავშირეებთან ერთად, პირობას დებენ, ისრაელთან და ლიბანთან იმუშაონ, რომ ამ შეთანხმების პირობები იყოს დაცული“, – ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ აშშ ისრაელის სუვერენიტეტზე თავდასხმას აღარ დაუშვებს.

ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც. მისი თქმით, ეს იქნება ერთგვარი წინაპირობა, რომ ღაზაშიც შეწყდეს ცეცხლი.

„ამ შეთანხმებამ გზა უნდა გაუხსნას ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და ღაზის მოსახლეობის ტანჯვის დასრულებას. დიახ, შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ახლა ხელი მოაწერეს, ასახავს პოლიტიკურ ნებას, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების მოტანა შეუძლია“, – ამბობს ემანუელ მაკრონი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ბეირუთზე უკანასკნელი სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend