ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ახალი ევროკომისია ოფიციალურად დაამტკიცა.
გუნდი მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადის ფარგლებში შერჩეულ კომისრებს 370-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ წინააღმდეგ ხმა 282-მა ევროპარლამენტარმა მისცა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 36-მა.
კოლეგიაში ყველაზე მეტი – 14 ადგილი – ევროკომისიის პრეზიდენტის მშობლიური პოლიტიკური გუნდის, მემარჯვენე-ცენტრისტული ,,ევროპის სახალხო პარტიის” წევრებს უკავიათ. 27 ევროკომისარს შორის, არის 2 ულტრა-კონსერვატორი პოლიტიკოსიც.
როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მემარჯვენე ევროკომისიაა. უკრაინის მხარდაჭერა, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, გაფართოება და მიგრაციის მართვა – ეს ის პრიორიტეტებია, რომლებზე მუშაობის პირობასაც დებს ახალი ევროკომისია მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
,,მე და ჩემი გუნდი ინიციატივებს ამ მანდატის პირველი 100 დღის განმავლობაში წარვადგენთ. მომდევნო ხუთი წელი კი, კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ერთიანობას. ამის ზედმეტად ხაზგასმა შეუძლებელია. შევხედოთ, გლობალური კონკურენციის დონეს – რამდენად მძლავრია ის და როგორ ხდება დღითიდღე უფრო ინტენსიური; ჩვენს საზღვრებთან ომი მძვინვარებს და ყველაფერი უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე… სწორედ ასეთი კონტექსტში ვმუშაობთ. ერთი რამ ცხადია: ევროპის კეთილდღეობა და უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა. დიახ, ჩვენ გვჭირდება ძლიერი კავშირები საზღვრებს გარეთ, რომლებიც მუდმივად უნდა გავაძლიეროთ, მაგრამ თანაბრად გადამწყვეტია ჩვენი ერთობა საზღვრებს შიგნით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კენჭისყრის შემდეგ.
,,საკუთარი საზრუნავის და პრიორიტეტების საფუძველზე, ივნისის ევროპარლამენტის არჩევნებში ხალხმა ევროპის მომავლის აშენების მანდატი მოგვანიჭა. ევროპარლამენტმა საკუთარი როლი ამ მანდატის გათვალისწინებით შეასრულა. ჩვენ შევიტანეთ წვლილი ურსულა ფონ დერ ლაიენის არჩევაში და იმ პოლიტიკის შემუშავებაში, რომლითაც ახალი ევროკომისია იხელმძღვანელებს. შევიტანეთ წვლილი იმ გუნდის შემოწმებაშიც, რომელიც ამ პროგრამის განხორციელებაზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იმუშავებს“, – ამბობს ევროპარლამენტი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.