მთავარისაქართველო23 ნოემბრის საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტის ეზოდან გმირთა მოედანზე გაგრძელდა

23 ნოემბრის საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტის ეზოდან გმირთა მოედანზე გაგრძელდა

23 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტების უწყვეტი პროტესტი გრძელდება.

ახალგაზრდებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ისინი, პოლიციელის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას, თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ითხოვენ.

ამბობენ, რომ სტუდენტებს დიდი ძალა აქვთ და მათი პროტესტი შედეგს გამოიღებს.

“სტუდენტების პროტესტს, როგორც ძალას, დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ქვეყანაში რამე ცვლილება თუ იწყებოდა, ამას იწყებდნენ სტუდენტები და ეს პროტესტი ყოველთვის იწყებოდა უნივერსიტეტებიდან. ჩვენი მიზანი არის ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ გვინდა რომ გვყავდეს პროდასავლური ხელისუფლება. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და გვჯერა, რომ ბრძოლის შედეგი დადგება“, – აცხადებს სტუდენტური აქციის მონაწილე, ლუკა თეთრაძე.

მოგვიანებით, უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ სტუდენტების შეუპოვრობა მასობრივ პროტესტში გადაიზრდება.

„შევუერთდით სტუდენტების აქციას. სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ისევე როგორც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ვიქნებით ყველგან, სადაც პროტესტის ხმა იქნება“, – აცხადებს „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც თვლიან, რომ  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის მიმდებარედ შეკრებილებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს გმირთა მოედნის მიმართულებით.

„მთავარი არის ხელახალი არჩევნების მიღწევა. ეს მოხერხდება რეჟიმის ყოველდღიური შერყევით და სხვადასხვა ფორმით. არჩევნები ამ ქვეყანას წაართვეს, საქართველოში მოხდა კონსტიტუციური გადატრიალება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს გააკეთა და ქართველ ხალხს წაართვა არჩევნები. ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ. ამიტომ პროტესტი გრძელდება. ამჯერად გმირთა მოედანზე მივდივართ და გადავკეტავთ“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნის რამდენიმე სატრანსპორტო კვანძი დაიკავეს და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიტიკურმა ლიდერებმა შეკრებილ მოქალაქეებს უთხრეს, რომ აქცია ღამის 10 საათამდე გაგრძელდებოდა.

მოგვიანებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, მოქალაქეებს მიმართა და 24 ნოემბრის საპროტესტო აქტივობების გეგმა გააცნო.

24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით, აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, რეგიონებიდან შემოგვიერთდება მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. 21:00 საათზე, შეკრების შემდგომ, ჩვენ ფეხით მსვლელობით გავემართებით საქართველოს პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, რომ დავრჩეთ ხვალინდელ ღამეს. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები, რომელიც ჩამოვა „რესპუბლიკის მოედანზე“ , ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ავტომობილები, რომელიც შეიკრიბება „თავისუფლების მოედანზე“ შემდგომი ღამის, დაახლოებით, 2 საათის მანძილზე, მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით იმისთვის, რომ ამ მანქანების მსვლელობით ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოხვიდეთ „რუსთაველზე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა.

24 ნოემბრის გეგმის გაცნობის გარდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქალაქეებს, ორშაბათს, 25 ნოემბერს, პარლამენტთან დილიდან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

ალეკო გვეტაძე, დიტო მაჭარაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend