„ევროკავშირმა უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა აგრესორთან ბრძოლაში, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას“, – განაცხადა ევრობლოკის მომავალმა უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას.
47 წლის პოლიტიკოსი და დიპლომატი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2021-24 წლებში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის პოსტს დაიკავებს.
ჯოზეფ ბორელის შემცვლელი, „განაახლე ევროპის“ წევრი, კაია კალასი ევროკავშირის ლიდერებს შორის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო კრემლზე სანქციების დაწესებისა და უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდების კუთხით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან.
მიდგომის შეცვლას არც ახალ ამპლუაში და არც რუსული ჯარების წინსვლის პირობებში აპირებს. ის ამბობს, რომ უკრაინის დახმარება ბლოკში გაწევრების მკაფიო სამოქმედო გეგმით უნდა განმტკიცდეს.
„უკრაინის გამარჯვება ყველა ჩვენგანის პრიორიტეტია. ბრძოლის ველზე ძალიან რთული მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყოველდღიურად; დღეს, ხვალ და მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება – შესაბამისი სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. ეს მხარდაჭერა კი გამყარებული უნდა იყოს უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრების მკაფიო გზით“, – განაცხადა კაია კალასმა.
1,000 days of Russia’s full-scale military invasion of Ukraine.
Each day is one too many.
Yet through every hardship, Ukrainians have shown unparalleled bravery and resilience. Europe’s support for Ukraine is unwavering. We will continue to help Ukraine and rebuild its future pic.twitter.com/6d07rKHiKk
— Kaja Kallas (@kajakallas) November 19, 2024
სიტყვით გამოსვლისას კაია კალასმა რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის ფარულ როლზეც ისაუბრა და სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე მიანიშნა. „კონკურენტი“ და „სისტემური მეტოქე“ – ასე ახასიათებს ჩინეთს ევროკავშირის მომავალი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც დიდი ხანია პეკინისადმი მკაცრი პოზიციით გამოირჩევა.
„ჩინეთი შეიცვალა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ახლა უფრო კონკურენტული და სისტემური მეტოქეა. ჩვენი დამოკიდებულება ჩინეთზე ძირითად სექტორებში მოწყვლადს გვხდის, ამიტომ რისკები უნდა შევამციროთ. აქ ორ ძირითად გამოწვევასთან გვაქვს საქმე: ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სტრუქტურული დისბალანსით გამოწვეული არაკეთილსინდისიერი კონკურენცია და ჩინეთის მხარდაჭერა რუსეთისადმი. ჩინეთის მხარდაჭერის გარეშე რუსეთი ვერ შეძლებდა ომის იმავე ძალისხმევით გაგრძელებას. ეს ყველაფერი ჩინეთს უფრო ძვირად უნდა დაუჯდეს“, – თქვა კაია კალასმა.
კაია კალასს არ გამორჩენია ევროპელი ლიდერების სკეპტიკური დამოკიდებულება აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის პოზიციაზე უკრაინის მიმართ. მან აღნიშნა, რომ თუ აშშ ჩინეთზე ღელავს, იგი პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომით უნდა ინტერესდებოდეს.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას, კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პარტნიორი ქვეყნების პრეზიდენტებს არ ირჩევს და ბლოკმა ყველა ადმინისტრაციასთან უნდა ითანამშრომლოს. როგორც კალასი ამბობს, იგი უკვე ესაუბრა დონალდ ტრამპთან დაახლოებულ პირებს, მათ შორის არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსაც.
„შევეცდებით კავშირების შექმნას და არჩეულ პრეზიდენტსა და მის გუნდთან შეხვედრას, საერთო პოლიტიკის შემუშავების მიზნით. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოკავშირეები ვართ და უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა. თუ აშშ ღელავს იმის გამო, რა შეიძლება მოხდეს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მათ ყველაზე მეტად უნდა აღელვებდეთ ის, თუ როგორ გავუმკლავდებით ჩვენ რუსეთის ომს უკრაინაში. ეს მათ ინტერესებშიც შედის“, – თქვა კაია კალასმა.
კაია კალასი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ოფიციალურად 1-ელ დეკემბერს დაიკავებს. თუ მის მიერ ევროპარლამენტის წინაშე დადებულ პირობას დავუჯერებთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს, რათა პეკინის „არაკეთილსინდისიერ კონკურენციასა“ და მოსკოვის „იმპერიალისტურ ოცნებას“ დაუპირისპირდეს.