ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნებიდან 26-ე დღეს არ არსებობს არცერთი „ხელშესახები გარემოება“, რომელიც მიანიშნებდა, რომ არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, როლებსაც შედეგებზე გავლენის მოხდენა შეეძლო.
ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურასთან განაცხადა. იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება. გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ცესკო საზოგადოების ინფორმირებას გააგრძელებს, მათ შორის, ყველა იმ, მისი შეფასებით, უსაფუძვლო ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების გაყალბებასა და მანიპულაციას უკავშირდება.
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში მივიდა ეკა ბესელიაც. იურისტმა უწყებაში შესვლამდე მედიასთან განაცხადა, რომ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები – კერძოდ, „რამდენიმე ფაქტი უბნებისა და დროის მიხედვით, თუ როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა არჩევნების დღეს.“
„უკვე ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, რამდენჯერმე გაიარა ორი ინსტანცია შესაბამისმა საარჩევნო დავებმა, რომლის ფარგლებშიც ასევე დადასტურდა, რომ ფარულობის არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი. არ ჰქონია ადგილი არანაირ არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო, რაიმე გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ჩვენ გავაგრძელებთ როგორც საზოგადოების ინფორმირებას, ისე, რა თქმა უნდა, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
„რამდენიმე ფაქტია, მათ შორის, არის უბნებისა და დროის მიხედვით, თუ არჩევნების დღეს როგორ ირღვეოდა საარჩევნო პროცედურები. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას. იცით, რომ ამაზე პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი. ამ პროცესისთვის ვემზადებით და წარმომადგენელი მე ვიქნები. გარდა ამისა, არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის უშუალო თვითმხილველი პირებიც არსებობენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.