მთავარისაქართველოსაპროტესტო მანიფესტი და კითხვები თსუ-ის ადმინისტრაციას

საპროტესტო მანიფესტი და კითხვები თსუ-ის ადმინისტრაციას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. ამ წერილს სხვადასხვა უნივერსიტეტის 600-ზე მეტი ასოცირებული პროფესორი, ლექტორი და დოქტორანტი აწერს ხელს.

მანიფესტის ხელმომწერნი გმობენ 19 ნოემბრის დილას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებისთვის საუნივერსიტეტო სივრცის დათმობას. ადგილზე მყოფი დემონსტრანტების ინფორმაციით, სპეცდანიშნულების რაზმები უნივერსიტეტის ეზოს იყენებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ აქციის მონაწილეები არ იყვნენ.

20 ნოემბრის საღამოს გავრცელებული მანიფესტის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ საპოლიციო ძალებს აკადემიური სივრცის ნაწილი უკანონოდ დაუთმო და ხელი შეუწყო მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას. იმ დღეს მოქალაქეები 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები  და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის  ძალის გადამეტებით დაშლას  და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას.

უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ  და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა  მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად.

ეს ქმედება შეურაცხყოფს უნივერსიტეტს, როგორც თავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლოს, არღვევს აკადემიურ დამოუკიდებლობას  და ეწინააღმდეგება მის ისტორიულ მისიას.

საგანმანათლებლო სივრცეები, განსაკუთრებით კი  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი,  უნდა იყოს ადგილი, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები,  გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. ეს პრინციპი, რომელიც ყველა  საგანმანათლებლო დაწესებულების  არსებობის ფუნდამენტია, დღეს უხეშად დაირღვა.

ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაცია, რომელიც უგულებელყოფს სტუდენტების უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას, მიიღებს აკადემიური საზოგადოების მკაცრ პროტესტს.  იმავდროულად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსა და რექტორს, რომელიც ამ დრომდე დუმს და განცხადებაც არ გაუკეთებია.

ჩვენ ვიზიარებთ ახალგაზრდა თაობის მტკიცე ნებას, დაიცვან საქართველოს ევროპული კურსი და ქვეყნის დემოკრატიული მომავალი. ეს ბრძოლა მხოლოდ სტუდენტების ბრძოლა არ არის — ეს   ჩვენი საზოგადოების ერთიანი ბრძოლაა, რომელიც ემყარება დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფალი  განვითარების  საფუძველს ქმნის

ჩვენი მოვალეობაა, ვიდგეთ იქ, სადაც თავისუფლებისთვის მებრძოლი სტუდენტების ხმა ისმის.  უნივერსიტეტი ვერ გახდება ჩაკეტილი სივრცე ანდა  ძალადობის თანამონაწილე — იგი უნდა დარჩეს თავისუფლების, კრიტიკული აზროვნებისა და პროგრესის მთავარ კერად“, – ნათქვამია პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივ მანიფესტში, რომელიც თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, სოფიო შამანიდმა წაიკითხა.

20 ნოემბრის საღამოს, საპროტესტო აქციაზე მყოფი პროფესორ-მასწავლებლების შეფასებით, სახელმწიფო უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც დაცული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, განურჩევლად პირადი მრწამსისა თუ შეხედულებებისა. პროფესორები მიიჩნევენ, რომ ეს არამხოლოდ სტუნდეტების, არამედ საზოგადოების პროტესტია. მანიფესტის ხელმომწერი პირები ითხოვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან და აკადემიურ საბჭოსგან ახსნა-განმარტებას, რატომ შეუშვეს სპეციალური დანიშნულების რაზმები უნვიერსიტეტის ეზოში.

„ეს იყო აბსოლუტურად გაუგონარი ფაქტი. მსგავსი ფაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ ახსოვს. 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის გარდაცვალების დღე იყო, 19 ნოემბერს დილით კი, სპეცრაზმი უნივერსიტეტის ეზოდან „გამოვარდა“ და თავს დაესხა მომიტინგეებს, მათ შორის სტუდენტებს, რომლებსაც მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში, შენობაში შესვლა არ შეეძლოთ. არც პროფესორ-მასწავლებლებს შეეძლოთ შესვლა, თუ ლექცია არ ჰქონდათ. ასეთი რამ აბსოლუტურად გაუგონარია“, – განაცხადა თსუ-ის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ პაპასქირმა.

„პროცესები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს, რეალურად, გაცილებით ადრე დაიწყო. ამ შემთხვევაში, 19 ნოემბრის დილას ძალოვანმა სტრუქტურებმა უბრალოდ ფიზიკურად დაიკავეს უნივერსიტეტის სივრცე, თუმცა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩარევა ყოველთვის იგრძნობოდა. ვხედავთ იმას, რომ უნივერსიტეტი კარგავს თავის ფუნქციასა და მისიას“, – თქვა თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ქეთი კაკიტელაშვილმა.

„ამ ადამიანებს სურთ, რომ დაასამარონ საქართველოს იდენტობის მთავარი საყრდენი, როგორც ეროვნული, ისე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. ჯერ ეს უნივერსიტეტი დაარსდა და შემდეგ შეიქმნა დამოუკიდებელი საქართველო. ეს არის ისტორია და ფაქტები. სწორედ ამ ფაქტების დასამარება უნდათ. მიზანია, რომ ჩვენი ევროპული გზა დასამარდეს და თუკი ეს გინდა, მაშინ სახელმწიფოს ის საყრდენები უნდა მოუშალო, რომელიც ამ ევროპულ გზას კვებავს“, – თქვა თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, ივანე წერეთელმა.

ერთობლივი მანიფესტის წაკითხვის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია დასრულდა, თუმცა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, პროტესტი მომდევნო დღეებშიც, მშვიდობიანი ფორმით გაგრძელდება. 20 ნოემბრის 22:00 საათისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, და რექტორს, ჯაბა სამუშიას საჯაროდ არ გაუკეთებიათ განმარტებები, იმ კითხვებზე, რასაც სტუდენტთა და პროფესორთა ნაწილი უკვე ორი დღეა სვამს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend