მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებით დროებით დაიშალა. აქციაზე გამოსულ მოსახლეობას გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა გააცნეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ მოსახლეობას ენერგიის აღდგენისკენ მოუწოდა: „რაღაცნაირად უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებულია მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით”.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. მისი თქმით, ხელისუფლებამ სტრატეგია შეცვალა და მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვას ხელს არ უშლის, რაც უკვე „შინაარსსაა მოკლებული” და არაფერს შეცვლის. ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს აქცია დაიშალოს, მონაწილეებმა დაისვენონ და დღის განმავლობაში შეიმუშაონ ახალი გეგმა.
.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ახალი აქცია, სავარაუდოდ, ხვალისთვის, 21 ნოემბრისთვის, დაიგეგმება.
საპროტესტო აქციამ მელიქიშვილის გამზირზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც დილის 6 საათზე სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს იძულებით დაატოვებინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საპროტესტო აქცია 3 ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჭავჭავაძის გამზირზე 20 ნოემბრის დილას პოლიციამ უნივერსიტეტის წინ გაშლილი კარვები დაშალა და ადგილი გაათავისუფლა. როგორც ჭავჭავაძის, ისე მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.