საქართველოში ონლაინვაჭრობა სულ უფრო პოპულარული ხდება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობამ 13 მილიონს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 30%-ით მეტია.
პროდუქციის საზღვარგარეთიდან გამოწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორითაა განპირობებული. ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ფასთა სხვაობაა. და ასევე არჩევანის მრავალფეროვნება.
„უკვე რვა წელია, რაც ვიწერ უცხოეთიდან ამანათებს. მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვიწერ ამანათებს უცხოეთიდან ისაა, რომ ადგილზე არ არსებობს ის ნივთები, როგორებიც არის, ვთქვათ, სამაგიდო თამაშები, რაღაც კონკრეტული წიგნები და სხვა, თუნდაც, ტექნიკა. მეორე მხრივ, ისიცაა, რომ ადგილზე რომც იყოს ეს ნივთი, საკმაოდ ძვირია და გამოწერით უფრო იაფი ჯდება“, – ამბობს კოკა გოგიჩაიშვილი, მომხმარებელი.
ამანათების უდიდესი ნაწილი აშშ-დან და ჩინეთიდან შემოდის, თუმცა როგორც გადამზიდი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, მოთხოვნა იზრდება საბერძნეთისა და პოლონეთის მისამართებზეც.
„უდავოდ აშშ და ჩინეთი რჩება უპირობო ლიდერი ბაზარზე და მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. დაახლოებით 30%-ით ყოველწლიურად ახალი მომხმარებელი ემატება და რა თქმა უნდა, ის სეგმენტი, რომელიც უკვე წლებია ამერიკულ ბაზარზე ონლაინ ვაჭრობს, აქტიური რჩება. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, ეს არის ჩინეთი და ინგლისი, რომლებიც ძალიან პოპულარულია. თურქეთის მიმართულებაზე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო დაახლოებით ორი წლის წინ, თუმცა ბოლო ერთი წლის სტატისტიკამ გვანახა, რომ დაწეულია მოთხოვნა თურქულ პლატფორმებზე, რადგან პროდუქციის ღირებულება საკმაოდ გაიზარდა“, – ამბობს ქეთი შანიძე, „კივი ფოსტის“ საოპერაციო მენეჯერი.
გადამზიდი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ამანათების მოლოდინის დრო დაახლოებით 7-დან 10 დღემდეა. ამ პერიოდის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გაივლის ამანათი საბაჟო პროცედურებს. ასევე იმაზე, თუ რა პროცესების გავლა უწევს ამანათს მანამ, სანამ მას მომხმარებელი ჩაიბარებს.
„ყოველწლიურად საფოსტო გზავნილების რაოდენობა იზრდება, როგორც შემოსული, ასევე ექსპორტზე გასული. შარშან შემოვიდა დაახლოებით 11 მილიონი საფოსტო გზავნილი. წელს უკვე გადავცდით 12 მილიონს. შარშანდელთან შედარებით არის დაახლოებით 35%-იანი ზრდა. საფოსტო გზავნილები შემოაქვს გადამზიდავ რეგისტრირებულ კომპანიას. შემოსვლიდან სამ სამუშაო დღეში გადამზიდავი კომპანია ვალდებულია, საბაჟო დეპარტამენტს მიაწოდოს ინფორმაცია როგორც შემოსატან, ისე გასატან საფოსტო გზავნილებზე. როგორც კი წარადგენს ინფორმაციას გადამზიდავი, იწყება საბაჟო პროცედურები. საბაჟო კონტროლის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილი მებაჟე-ოფიცერი აკონტროლებს რამდენად სწორად არის დადეკლარირებული საფოსტო გზავნილი, ასევე არის თუ არა შიგთავსში რაიმე აკრძალული ნივთიერება. ეს შეიძლება იყოს: ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული საშუალება, არარეგისტრირებული ნივთიერება“, – ამბობს ნინო ირემაძე, უფროსი მებაჟე-ოფიცერი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით 300 ლარზე მეტი ღირებულების, 30 კგ-ზე მეტი მასის, ან ერთ ამანათში ერთნაირი სახის არსებული საქონელი განბაჟებას ექვემდებარება. საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულებისა და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს შეადგენს. ეს ფაქტი მომხმარებლებს შორის ხშირად უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ისინი თვლიან, რომ 300-ლარიანი ზღვარი მეტისმეტად დაბალია.
„ზოგადად, ხშირად არ მიწევს განბაჟება, რადგანაც ვიცი, რამდენია ზღვარი. ბევრი საუბარი შეიძლება, რადგანაც თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასა და პროდუქციის გაძვირებას, 300 ლარი იმდენი ფული აღარაა, რაც ადრე იყო. სავარაუდოდ, პირველი ეტაპისთვის ხუთას ლარამდე რომ აწეულიყო ეს ზღვარი, ბევრად უფრო სასიამოვნო იქნებოდა“, – ამბობს კოკა გოგიჩაიშვილი, მომხმარებელი.
2022 და 2023 წლებში საქართველოს პარლამენტში ორი კანონპროექტი შევიდა. ეს პროექტები ითვალისწინებდა 300 ლარის ნაცვლად, 700 ლარამდე ღირებულებისა და 30 კილოგრამამდე საერთო მასის მქონე საფოსტო გზავნილის გადასახადისგან გათავისუფლებას. ამ კანონპროექტებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.
საბაჟო გადასახადის თავიდან არიდებას მომხმარებლები ზოგჯერ ფინანსური დეკლარაციის არასწორად შევსებით ცდილობენ, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული.
„საფოსტო გზავნილის დეკლარირებაზე პასუხისმგებელი არის საქონლის მიმღები. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ საფოსტო გზავნილი დეკლარირებულია არასწორად, მებაჟე-ოფიცრების მიერ გადამოწმდება საფოსტო გზავნილის ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საფოსტო გზავნილი დეკლარირებულია არასწორად, სწორი ღირებულების შესაბამისად დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. ძირითად შემთხვევაში სანქცია განისაზღვრება იმპორტის გადასახდელების 100%-ის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში – 200%-ით. თუ არ არსებობს საქონლის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მიმღების მიერ მოთხოვნილ იყოს საქონლის ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად განისაზღვრება საქონლის საბაჟო ღირებულება, რომლითაც შემდგომ ვიხელმძღვანელებთ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისთვის“, – ამბობს ნინო ირემაძე, უფროსი მებაჟე-ოფიცერი.
გადამზიდი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ამანათების 70-80% განბაჟებას არ ექვემდებარება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო გადასახადის დამატების შემთხვევაშიც კი, ნივთის საზღვარგარეთიდან გამოწერა მომხმარებლებისთვის ადგილობრივ ბაზართან შედარებით მაინც უფრო იაფია.