ახალი ენის შესწავლა ერთ დღეში შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი სხვა ქვეყანაში მიემგზავრება და პარალელურად აგრძელებს იმ კონკრეტული ენის შესწავლას.
იმის გამო, რომ ინგლისური მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ის ხშირად სარეზერვო ენას წარმოადგენს.
საინტერესოა, ევროპის რომელ ქვეყანაში გაიგებენ თქვენს ინგლისურს ყველაზე უკეთ და სად გჭირდებათ თავიდანვე ადგილობრივი ენის ცოდნა?
ყოველწლიურად, გლობალური საგანმანათლებლო კომპანია Education First ინგლისური ცოდნის ინდექსის ფარგლებში ადგენს ქვეყნების სიას და ავლენს, თუ რომელ ქვეყნებში საუბრობენ ყველაზე უკეთ ინგლისურად.
2023 წელს 2.1 მილიონმა ადამიანმა, რომელთათვის ინგლისური არ არის მშობლიური ენა, გაიარა EF-ის სტანდარტული ტესტირება ინგლისურ ენაში. კომპანია თითოეულ ქვეყანას 800 ქულიდან ანიჭებს შესაბამის რეიტინგს.
წლევანდელი შედეგების მიხედვით, ინგლისური ენის ცოდნის ხარისხი დაწეულია. ქალები და სტუდენტები კი ყველაზე სუსტი უნარებით გამოირჩეოდნენ.
რომელ ევროპულ ქვეყნებში საუბრობენ ინგლისურად ყველაზე უკეთ?
2024 წლის მონაცემებით, იმ ათ ქვეყანას შორის, სადაც ინგლისურს ყველაზე კარგად ფლობენ, ცხრა ევროპულია.
როგორც 2023 წელს, ნიდერლანდებმა, რომელიც ინგლისურის ცოდნის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა როგორც ევროპაში, ისე გლობალურად 116 ქვეყანას შორის, წელსაც მოწინავე ადგილი დაიკავა 636 ქულით,
თუმცა ევროპაში კიდევ უამრავი სხვა ადგილია, სადაც ინგლისურ ენაზე საუბარს გაიგებენ.
იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინგლისურის ცოდნის მაჩვენებელი მაღალია, შედის ნორვეგიაც, რომელიც გლობალურად მეორე ადგილზეა 610 ქულით და ასევე შვედეთი, რომელმაც 608 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.
ხორვატია, პორტუგალია, დანია, საბერძნეთი და ავსტრიაც მოწინავე ქვეყნებს შორისაა.
ინგლისურ ენას მაღალ დონეზე ფლობენ გერმანიაში, რუმინეთში, ბელგიაში, ფინეთსა და პოლონეთში.
საფრანგეთში ინგლისური ენის ცოდნის მაჩვენებელი კვლავ იკლებს
ევროპაში არსებობს პოპულარული ტურისტული ადგილებიც, სადაც ინგლისურ ენას საშუალო დონეზე ფლობენ.
საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 2021 წლიდან იკლებს, როდესაც ქვეყანა 31-ე ადგილს იკავებდა. 2022 წელს კი მან 541 ქულით 34-ე ადგილზე გადაინაცვლა.
გასულ წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაუარესდა და ქვეყანა ამჯერად გლობალურად 43-ე, ხოლო ევროპაში 34-ე ადგილამდე ჩამოვიდა. ეს ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდა და 524 ქულით გლობალურად ახლა 49-ე ადგილს იკავებს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ჩრდილოეთევროპულ ქვეყნებს შორის.
იტალია საფრანგეთს სულ რამდენიმე ქულით უსწრებს და 528 ქულით 46-ე ადგილს იკავებს, ხოლო ესპანეთი 538 ქულით 36-ე პოზიციაზეა.
ამ ქვეყნებს გადაასწრეს საქართველომ და ბელარუსმა, რომლებიც გლობალურად 34-ე და 35-ე ადგილს იკავებენ. ენის საშუალო დონეზე ცოდნის კატეგორიაშია ასევე მოლდოვა, ალბანეთი, რუსეთი, უკრაინა და სომხეთი.
თურქეთსა (65-ე) და აზერბაიჯანში (86-ე) კი ნამდვილად გაგიჭირდებათ ინგლისურად საუბარი. ორივე მათგანი ცოდნის დაბალი დონის კატეგორიაში შედის.
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისურის ცოდნის მხრივ ესპანეთსა და საფრანგეთში ევროპის ბევრ ქვეყანაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა, დედაქალაქები – მადრიდი და პარიზი, ცოდნის მაღალი დონის კატეგორიაში მოხვდა. რომი საშუალო დონის კატეგორიაში გადავიდა.
ევროპაში ინგლისური ენის უნარების კლების ტენდენცია შეინიშნება
კომპანია Education First (EF) 2011 წელს პირველი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ ტენდენციების მონიტორინგს აწარმოებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მაინც მოწინავე ადგილზეა ინგლისური ენის ცოდნის მხრივ, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ ზოგადად ეს მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, მაინც მცირდება ევროპის ქვეყნების 60 პროცენტის შემთხვევაში.