მეოთხე დღეა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერები ადმინისტრაციულ შენობებს იკავებენ. სოხუმში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დე-ფაქტო მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულების ტექსტი ე.წ. პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა. ეს ხელშეკრულება რუსულ ბანკებსა და კორპორაციებს აფხაზეთში პრივილეგიებს ანიჭებს.
ამასობაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასლან ბჟანია 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაცია ბჟანიას ე.წ. პრესცენტრი ავრცელებს.
დე-ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები იგეგმება – ამის შესახებ 18 ნოემბერს გახდა ცნობილი. როგორც „აბსნიპრესი“ იუწყება, ოპოზიცია თანახმაა, რომ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა დროებით თვითაღიარებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა შეასრულოს და მოლაპარაკებებიც მასთან გაიმართოს. ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და ე.წ. ხელისუფლებას შორის შუამავლის როლს ამჟამად „საზოგადოებრივი პალატა“ ასრულებს.
აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი მხარს უჭერს თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ვითარების ნორმალიზებას.
„ჩვენ ვისურვებდით, რომ სიტუაცია კონსტიტუციის ჩარჩოებში დარჩეს“, – განაცხადა პრეს-მდივანმა.
თავის მხრივ, „რაშა თუდეისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობდა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა.
„ჩვენ ამ შენობას არ ვიკავებთ, უბრალოდ ხალხია შეკრებილი და აქ იმყოფება. არავითარი არეულობა არ არის, ამ მომენტისთვის სიტუაცია სტაბილურია და ყველაფერი კარგადაა. რუსეთი ჩვენი მთავარი მოკავშირეა და ჩვენ მხოლოდ რუსეთზე ვართ ორიენტირებულნი”, – ამბობს ოკუპირებული აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი.
„რუსეთის ძირითადი ნაწილი ამბობს: ჩვენ იმდენი რამ გავუკეთეთ აფხაზებს, თუნდაც, ბოლო ომში – 92-93 წლებში, რომ უმადურობა არ უნდა ვაპატიოთ და მაქსიმალურად უნდა მოვუჭიროთ ხელი ქამარს, რათა აფხაზურმა საზოგადოებამ იგრძნოს, რომ რუსეთის გარეშე ისინი ვერსად წავლენ, ეს არის ძირითადი განწყობა.
მე მესმის, ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი იმის, რომ შეიძლება ამ მოვლენებმა აფხაზური მხარე თბილისისკენ მოაბრუნოს. მე არ მაქვს ასეთი მოლოდინი და არც შეიძლება ამის მოლოდინი გვქონდეს. ვინაიდან დღეს აფხაზურ საზოგადოებაში მიდის თვითგამორკვევის პროცესი. აფხაზები დღეს, მართლაც, ცდილობენ დაიცვან თავისი იდენტობა, თავისი მიწა“, – ამბობს ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ხალხმრავალი აქციისა და დაპირისპირების ფონზე პარასკევს, 15 ნოემბერს, სოხუმი დატოვა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და მშობლიურ სოფელ ტამიშში გაემგზავრა. მოგვიანებით მან მოქალაქეებს მოუწოდა, არ წამოეგონ პროვოკაციას და მონაწილეობა არ მიიღონ „არასანქცირებულ მიტინგებში“. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ოპოზიციას შენობის დატოვების სანაცვლოდ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სთავაზობს.
„ამ წინადადების არსი შემდეგია: პროტესტის მონაწილეებმა უნდა გაათავისუფლონ სამთავრობო შენობების კომპლექსი, რის შემდეგაც, მივიღებთ შესაბამის ნორმატიულ აქტებს. გამოცხადდება არჩევნები, პრეზიდენტი ბჟანია მზადაა, დატოვოს მანდატი და როგორც კანდიდატმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – ამბობს ბჟანია.
„ბჟანია გვთავაზობს, რომ ჩვენ ყველა აქედან წავიდეთ და ის დაბრუნდეს ამ შენობაში და ჩვენ ყველამ მისი სიტყვა დავიჯეროთ, თითქოსდა, აქ ხელს მოაწერს განცხადებას და შემდეგ შედგება ვადამდელი არჩევნები. ამისი აქ არავის სჯერა, ამიტომ ჩვენ მას ასეთ რამეს ვთავაზობთ: იქ ადგილზე მას აქვს შესაძლებლობა ხელი მოაწეროს განცხადებას საკუთარი გადადგომის შესახებ. აი, ეს მოთხოვნა სანამ არ შესრულდება, აქედან არავინ წავალთ!“- ამბობს ლევან მიქავა, დე-ფაქტო პარლამენტის წევრი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
იმ შემთხვევაში, თუკი ბჟანია არ გადადგება, ოპოზიციაში დროებითი მთავრობის შექმნის საჭიროებაზე მსჯელობენ.
კვირას, 17 ნოემბერს, ოპოზიციამ ადმინისტრაციული შენობების კომპლექსის გარშემო ბჟანიას ბრძანებით აგებული ღობე დაშალა, რასაც დემონსტრანტების ოვაციები მოჰყვა.
„არსებობს იდეა, რომ მთლიანი ღობე, რომლის სრულად დემონტაჟიც დაგეგმილია, სასაზღვრო სამსახურს გადაეცეს, რათა მათ ის ჩვენი რესპუბლიკის გალის საზღვარზე დაამონტაჟონ, საქართველოსთან საზღვარზე. დიდი ღობეა, ლამაზად გამოიყურება, აფხაზეთის გერბია ზედ დატანილი. ჩვენ ამას ფრთხილად მოვხსნით და სასაზღვრო სამსახურს გადავცემთ”, – ამბობს კან კვარჩია, დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი.
ოპოზიციის ლიდერებთან შეთანხმების შემდეგ კვირას, 17 ნოემბერს, დე-ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა სამთავრობო შენობების ტერიტორიიდან გაიყვანა.
„თვითონ ეს კრიზისი აჩვენებს, რომ სტრატეგიული საკითხები მაინც გადაუჭრელი დარჩება. ეს გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობებს, თბილისთან ურთიერთობებს და მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც იქ ადგილზე, აფხაზეთში არსებობს, მაინც მოუგვარებელი დარჩება. ცხადია, ყველა ხვდება, რომ წინააღმდეგობა რუსეთის მზარდ გავლენას ეწინააღმდეგება, მაგრამ ის, თუ რეალურად რა ბერკეტები აქვს ხალხს, ოპოზიციასა და ა.შ. არავინ იცის. პირიქით, ყველას აქვს შეგრძნება, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს იქ დე-ფაქტო ხელისუფლებაში, რუსეთის მზარდ გავლენას მაინც ვერ აღუდგება წინ. ამიტომ ეს მომენტი შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც იმ დაგროვილი უკმაყოფილების გამოხატულებად, რომელიც იქ დაგროვდა ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ სტრატეგიულ და ძალიან დიდ ცვლილებებს, ასევე ერთ ღამეში თბილისთან ურთიერთობების დათბობის სურვილს, იქ ნამდვილად ვერ დავინახავთ და არც არის ეს პროტესტი ამის შესახებ. ასე რომ, ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს”, – ამბობს კონფლიქტოლოგი, „კავკასიური სახლის” მშვიდობის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო აბრამიშვილი.
15 ნოემბერს ე.წ. მთავრობის სასახლესთან არეულობის დროს 14 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილი სოხუმის საავადმყოფოში ამ დრომდე მკურნალობს.