თბილისში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი ლიდერები 26 ოქტომბრის საპარლამენტო შედეგებს აპროტესტებენ.
აქციის ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში გაათენეს. მათ 20-ზე მეტი კარავი გაშალეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო იყოს განვითარებული სამყაროს ნაწილი. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ყველაზე რთული პერიოდი გაიარეს და სჯერათ, რომ ერთიანობით დიდი გამარჯვებისკენ მივლენ.
გუშინ, 17 ნოემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა რუსთაველზე. აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არჩევნები მოპარულია და ეს შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
მოგვიანებით აქციას მსვლელობით შეუერთდნენ თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც.
მსვლელობისას მათ წაიკითხეს ერთობლივი სტუდენტური მანიფესტიც, რომელშიც წერია, რომ სტუდენტები საკუთარი ქვეყნის თავისუფლების დათმობას არ აპირებენ და არ ცნობენ ჩატარებულ არჩევნებსა და ამ არჩევნების მიხედვით დაკომპლექტებული პარლამენტის ლეგიტიმურობას.