მთავარიმსოფლიო,,ჰაკა” ახალი ზელანდიის პარლამენტში

,,ჰაკა” ახალი ზელანდიის პარლამენტში

ახალი ზელანდიის პარლამენტში ვაითანგის ხელშეკრულებაში შესწორებების შეტანის თაობაზე განხილვას უთანხმოება მოჰყვა.

პასუხად კითხვაზე, დაუჭერდნენ თუ არა მხარს კანონპროექტს მისი პარტიის წევრები, 22 წლის დეპუტატი ჰანა-რაუჰიტი მაიპი-კლარკი ფეხზე წამოდგა და ახალი ზელანდიის ტრადიციული საბრძოლო ცეკვის, ჰაკას შესრულება დაიწყო. მას ჯერ ოპოზიციონერი დეპუტატები, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებაც შეუერთდა.

„ბატონო სპიკერო, გრცხვენოდეთ. გრცხვენოდეთ იმის გამო, რასაც ამ სახელმწიფოს უკეთებთ ამ კანონპროექტის წარდგენით.

ბატონო სპიკერო, მე ვარ „ლეიბორისტული პარტიის” წევრი, მაგრამ ასევე ვარ ამაყი მაორი და ახალზელანდიელი. მე ვგმობ ამ სახელმწიფოს კონსტიტუციის გადაწერის მავნე მცდელობას. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ პრემიერ-მინისტრი ზედმეტად სუსტია ამ პარტიის ექსტრემიზმის შესაჩერებლად“, – ამბობს ვილი ჯექსონი, ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრი.

ხელშეკრულება, რომელიც 1840 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და მაორის ბელადებს შორის დაიდო, ქვეყნის დამფუძნებელი შეთანხმებაა. შეთანხმების მიხედვით, ადგილობრივ ტომებს მმართველობის ბრიტანელებისთვის გადაცემის სანაცვლოდ საკუთარი მიწების შენარჩუნების უფლება მიეცათ.

„დაყოფა, რომელსაც თქვენ ხედავთ ამ კანონპროექტს არ გამოუწვევია. ის ათწლეულები ღვივდებოდა, რადგან ახალზელანდიელები საკუთარ იდენტობას წარმომავლობის მიხედვით განსაზღვრავენ. ეს დაყოფა არსებობს ამ კანონპროექტის გარეშეც და ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის იგნორირება. ბატონო სპიკერო, ეს კანონპროექტი ავსებს იმ დუმილს, რომელიც ამ პარლამენტმა ხუთი ათწლეულის მანძილზე უყურადღებოდ დატოვა. ხელშეკრულებები არ უნდა ყოფდეს ადამიანებს, არამედ აერთიანებდეს მათ”, – განაცხადა დევიდ სეიმურმა, მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მიუხედავად ამისა, მაორის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს, მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მისი ძირითადი პრინციპების დარღვევაა და ძირს გამოუთხრის ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს.

კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, თუმცა მას მწირი მხარდაჭერა აქვს და კანონად ქცევა ნაკლებად სავარაუდოა.

კანონპროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ მეორე მოსმენისთვის შეძლებენ საკმარისი მხარდაჭერის მობილიზებას, რათა პრემიერ-მინისტრს ვეტოს უფლების გამოყენება გადააფიქრებინონ.

თუმცა, 19 ნოემბერს კანონპროექტის ათასობით მოწინააღმდეგე დედაქალაქ ველინგტონში ჩასვლას გეგმავს, რაც სავარაუდოდ, რასობრივ საკითხზე ახალი ზელანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსვლელობა იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend