მთავარისაქართველორინგოვეტი - პირველადი სასწრაფო დახმარება ცხოველებისთვის

რინგოვეტი – პირველადი სასწრაფო დახმარება ცხოველებისთვის

თუკი სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, ან მიკედლებული  მიუსაფარი ცხოველი… თუ ერთხელ მაინც ქუჩაში მიტოვებული ცხოველი გინახავთ, რომლის დახმარებაც გინდოდათ და  ვერაფერი გააკეთეთ. მაშინ ეს ამბავი თქვენთვისაა.

უკვე 1 თვეა, რაც რინგოვეტმა თბილისში სატესტო რეჟიმში დაიწყო მუშაობა. ეს სახელი მის დამფუძნებელს, ნესტან მამაცაშვილს შემთხვევით არ შეურჩევია. მისი ძაღლის, რინგოს გამო დაარქვა.

„რინგო იყო ჩემი ძაღლი 14 წლის, რომელიც ძალიან მოულოდნელად მომიკვდა და სწორედ ეს გახდა შთაგონების წყარო…

რინგოვეტი არის პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, თქვენ შეგიძლიათ საველე პირობებში მიუსაფარი კატისთვის ან ძაღლისთვის გამოიძახოთ ვეტექიმი და სკუტერით ადგილზე რაც შეიძლება სწრაფად მოვალთ, თბილისის მასშტაბით ჯერ ვერ დავდივართ რადგან ცოტა ვართ და რესურსი ცოტაა ამიტომ თბილისის გარკვეულ უბნებში ვერა, მთაწმინდა, ვაკის გარკვეული ნაწილი ვმოძრაობთ ჯერჯერობით., მაგრამ იმედი მაქვს რომ გავშლით და მერე რეგიონებშიც ჩავალთ. შეგიძლიათ თქვენს ცუგას ან კატას გამოუძახოთ ვეტერინარული სერვისი ადგილზე, ეს არის ისეთი მანიპულაციები როგორიცაა ცოფის და კომპლექსური აცრა, ინფუზიური თერაპია, ჭრილობის დამუშავება, ფრჩხილების დაჭრა,ცხოველის შემოწმება გარეგნულად ვიზუალურად. საღამო საათებში ვართ ხელმისაწვდომები, 6 დან 11- 12 სთ-მდე, ნელ-ნელა სამუშაო საათებსაც გავზრდით, მანიპულაციების რაოდენობასაც. რინგოვეტის  მომხმარებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ავტომატურად უპატრონო ძაღლებისა და კატების მხარდამჭერი, რადგან თითოეული ტრანზაქციიდან 10%, ინახება ცალკე მიუსაფრების ყულაბაში“, – გვიყვება რინგოვეტის დამფუძნებელი ნესტან მამაცაშვილი.

რინგოვეტის გუნდი ჯერჯერობით ძალიან პატარაა და ორი თანამშრომელი ჰყავს. ნესტან მამაცაშვილი და ვეტექიმი ლიკა ტოტელიშვილი. ლიკა დაახლოებით 4 წელია, რაც ვეტერინარია.

მიუხედავად მწირი რესურსისა, ლიკას და ნესტანს უკვე ბევრი იცნობს. ბევრი გამოძახებაც აქვთ.

ვეტერინარის ადგილზე მისვლა ნაკლებად სტრესულია  და კომფორტულია მათთვისაც, ვისაც მიკედლებული ჰყავს ცხოველები.

ნესტან მამაცაშვილმა რინგოვეტზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. ახლა კი მოქალაქეებსაც შეუძლიათ ჩაერთონ ამ საქმეში.

რინგოვეტი ახლა გუნდის გაზრდაზე ფიქრობს, რათა უფრო მეტ ცხოველს დაეხმაროს, განსაკუთრებით კი ეძებს ვეტექიმებს, რომლებიც ამ კეთილი საქმის თანამონაწილეები გახდებიან.

და მერე ლიკა, ნესტანი და სხვები რინგოს სახელით უფრო მეტი მიუსაფარი ცხოველის დახმარებას შეძლებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend