რეი ჰარიჰაუზენის გამოფენა, შონ ბეიკერის ფილმი „ანორა“, Netflix-ის ფილმი „დიპლომატი“ და როკჯგუფ The Cure-ის ახალი ალბომი – მხოლოდ ნაწილია იმ კულტურული სიახლეებისა, რომლებსაც ევროპელები ამ კვირაში გვთავაზობენ.
ჰელოუინი დასრულდა და დადგა ნოემბერი. მართალია, აცივდა, მაგრამ ევროპაში არ მოიწყენთ.
თუ გამოფენები გიყვართ, ძალიან დიდი არჩევანი გაქვთ: ფანტასტიკის ჟანრის წარმომადგენლის ეკოხელოვანის ვივიან სუტერის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს ლისაბონის ხელოვნების, არქიტექტურისა და ტექნოლოგიების მუზეუმში ე.წ. MAAT-ში, მალტის თანამედროვე ხელოვნების პირველი ეროვნული მუზეუმი იხსნება ჯოანა ვასკონსელოს გამოფენით „ოჯახს მიღმა“ (Transcending the Domestic), საფრანგეთში ლუვრ-ლანსის მუზეუმში კი შესაძლებელია უკრაინული ხელოვნების ოთხი იშვიათი ნამუშევრის ნახვა.
ტიმ ბარტონის უზომოდ პოპულარული გამოფენა ისევ გრძელდება ლონდონის დიზაინის მუზეუმში და რაკი კინოსთან დაკავშირებულ საკითხს შევეხეთ, აქვე აღვნიშნავ, რომ შონ ბეიკერის ფილმი „ანორა“, რომელმაც „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა, უკვე გადის კინოთეატრებში!
რაც შეეხება გამოფენებს, ჩვენი რეკომენდაციები ასეთია:
აუცილებლად უნდა ნახოთ ვივიან სუტერის გამოფენა „დისკო“, რომელიც ლისაბონის MAAT-ში იმართება.
შვეიცარიელ-არგენტინელი მხატვრისთვის, ვივიან სუტერისთვის, ბუნება ყველაფერია. სწორედ ბუნებაა ამ ერთ-ერთი პირველი ეკოხელოვანის შთაგონების წყარო და განტვირთვის საშუალება. ლისაბონის გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 500-ზე მეტი ნამუშევარი და აქედან 163 პირველად არის გამოფენილი. გამოფენას სუტერმა თავისი ძაღლის სახელი „დისკო“ უწოდა. აქ მისი ხატვის მეთოდსაც ვეცნობით. სუტერი თავის ნახატებს გარეთ ტოვებს, რათა მათზე ბუნებრივი ელემენტები აღიბეჭდოს – თუნდაც ეს ძაღლის თათები იყოს.
შემდეგია რეი ჰარიჰაუზენის გამოფენა, სახელწოდებით „რეი ჰარიჰაუზენის დაკარგული სამყარო: უცნაური არსებები, მარსელები და მითები“, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მანჩესტერის Waterside Arts-ის სივრცეში იმართება.
რეი ჰარიჰაუზენის სახელი მე-20 საუკუნის კინოს ისეთ პოპულარულ და ზღაპრულ ანიმაციურ ფილმებს უკავშირდება, როგორებიცაა – „იასონი და არგონავტები“, „20 მილიონი მილი დედამიწიდან“, „სინდბადის ოქროს მოგზაურობა“ და „ ტიტანების შერკინება“. მანჩესტერში მიმდინარე გამოფენა წარმოაჩენს რეი ჰარიჰაუზენის ცხოვრებასა და კარიერას, მის ექსპერიმენტებსა და რევოლუციურ ცვლილებებს ანიმაციის ტექნოლოგიების კუთხით. ეს გამოფენა 2025 წლის 4 იანვრამდე გაგრძელდება.
Paris Photo
პარიზის ფოტოგამოფენისა და ბაზრობის Paris Photo-ის 27-ე გამოშვება საფრანგეთის კულტურული ცხოვრების კალენდარზე ერთ-ერთ წამყვან ღონისძიებად არის მონიშნული.
ეს არის თანამედროვე ფოტოგრაფიის მხიარული და მომხიბლავი დღესასწაული, რომელშიც პარიზის ყველაზე ცნობილი გალერეები იღებენ მონაწილეობას. ეს ღონისძიება 7-10 ნოემბრის პერიოდშია დაგეგმილი.
რაც შეეხება ფილმებს
თუ წელს მხოლოდ ერთი ფილმის ნახვას აპირებ, მოდი, შონ ბეიკერის „ანორა“ ნახე.
ამ ფილმმა წელს კანის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა და წარდგენილია გოთემის დაჯილდოებაზე ოთხ ნომინაციაში, მათ შორის საუკეთესო მხატვრული ფილმისაც.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ახალგაზრდა სექსმუშაკის ირგვლივ. იგი ცოლად მიჰყვება რუსი ოლიგარქის ვაჟს. ფილმი, რომელიც მოგაგონებთ ცნობილ ფილმს „ლამაზმანს“, მხიარულიც არის და გულის ამაჩუყებელიც. მთავარ როლს ასრულებს მაიკი მედისონი.
ფილმი „ასეთი წვრილმანები“ ჩახლართული ტრილერია, რომელშიც მთავარი პერსონაჟის ბილ ფიორლონგის როლს ასრულებს კილიან მერფი. მისი გმირი – ქვანახშირით მოვაჭრე და მამა – იგებს, რომ ადგილობრივ მონასტერში ადამიანებზე ძალადობენ, რის შემდეგაც იგი იძულებულია, დაუპირისპირდეს საკუთარ საზოგადოებას და გაუმკლავდეს წარსულის ტრავმას.
თუ გეოპოლიტიკური ტრილერები გხიბლავთ, აუცილებლად ნახეთ Netflix-ის „დიპლომატი“, რომლის პრემიერაც 2023 წელს შედგა.
ფილმი მოგვითხრობს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაერთიანებულ სამეფოში ახლადდანიშნულ ელჩზე, რომელიც ცდილობს საერთაშორისო არენაზე მიმდინარე კრიზისსა და საკუთარ პირად ცხოვრებაში მიმდინარე პრობლემებს გაართვას თავი.
რაც შეეხება მუსიკას
გირჩევთ, მოუსმინოთ როკჯგუფის The Cure-ის ახალ ალბომს „დაკარგული სამყაროს სიმღერები“ (Songs of Lost World). ალბომში 8 მუსიკალური ნამუშევარია, რომლებიც ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი გოტიკური როკის ჟანრს არ ღალატობს.
კიდევ ერთი საინტერესო ამბავი მუსიკის მოყვარულთათვის არის 33 წლის რეპერის ტაილერ გრეგორი ოკონმას ახალი ალბომი. ტაილერი წელს აღარ გეგმავდა ახალი ნამუშევრის გამოშვებას და ეს ალბომი მისი გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეა.
ავტორი: ამბერ ლუისა ბრაისი