ხელოვნური ინტელექტი უკვე შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში. თითქმის ყველგან, ჯანდაცვაში, მედიასექტორსა თუ ხელოვნების სფეროში, ადამიანი გრძნობს ხელოვნური ინტელექტის გავლენას. თუმცა თუკი საზოგადოების ნაწილი აღტაცებულია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით და კაცობრიობის საჩუქრად მიიჩნევს მას, ზოგიერთი შიშით ელოდება, თუ რა გავლენა ექნება ამ ფენომენს საზოგადოებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ზოგი ხელოვნურ ინტელექტს ავითარებს და თავგადაკლული იცავს, ზოგი მწვავედ აკრიტიკებს და არ მალავს, რომ მისი ეშინია. ერთი სიტყვით, დღეს ყველას პირზე აკერია ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მთელ ევროკავშირში ადამიანებს გულში იმედსაც უსახავს და შიშსაც. მაინც ვინ იქნება ამ ახალი ციფრული რევოლუციით მოგებული და ვინ – წაგებული? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ავსტრიასა და ესტონეთში ჩავედით.
ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მკვლევრები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ პროტოტიპებზე ატარებენ ცდებს.
ეს რობოტი იმისთვის შექმნეს, რომ მან დამოუკიდებლად შეადგინოს შენობის ინტერიერის სამგანზომილებიანი რუკები. მას შეუძლია მრავალი სიცოცხლის გადარჩენა სამაშველო ოპერაციების დროს ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანი ვერ აღწევს.
„ჩვენ რობოტის სწავლების ტრადიციულ მეთოდს ვიყენებთ და შეგვიძლია გავზარდოთ მისი შესაძლებლობები“, – ამბობს ჰანეს კაუფმანი, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის სრული პროფესორი ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან.
„თანამედროვე რობოტები ხელოვნური ინტელექტის წყალობით უამრავ რამეს ითვისებენ, შეუძლიათ ისწავლონ სიარული, კიბეზე ასვლა. და ეს ყველაფერი თანამედროვე რობოტის შესაძლებლობების ნაწილია“.
მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს ისეთი რობოტების შესაქმნელადაც იყენებენ, რომელთაც შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ როგორ მოქმედებს ელასტიკურ ობიექტზე ადამიანის შეხება. ეს ტექნოლოგია შესაძლოა მომავალში არქიტექტურისა და აერონავიგაციის ინჟინრებს გამოადგეთ.
„ავტონომიური რობოტი მარყუჟის პრინციპით მოქმედებს“, – გვიხსნის სორუშ მორტეზაპური, კომპიუტერის ინჟინერი ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან.
„ეს მარყუჟი სამი სხვადასხვა მოძრაობით ინასკვება: ერთია გარემოს აღქმა, რათა მიხვდე, თუ რა ხდება ირგვლივ. მეორეა – გადაწყვეტილების მიღება, მესამე კი – უშუალოდ ქმედების შესრულება. და რა ტიპის ქმედებაც არ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს, მის ყოველ საფეხურზე ხელოვნური ინტელექტი გადამწყვეტ როლს ასრულებს“.
გასაკვირი არ არის, რომ ამ ლაბორატორიებში ხელოვნური ინტელექტი ოქროს შესაძლებლობად მიაჩნიათ მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში.
ჰანეს კაუფმანი, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის სრული პროფესორი, ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი:
„დედაჩემი, რომელიც 85 წლის იყო, ხელოვნურ ინტელექტს წერილების დასაწერად იყენებდა. თუმცა უამრავი ადამიანი შიშობს, რომ სამუშაოს დაკარგავს და ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს წაართმევს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, მაინც რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას? რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ? ან როგორ მივმართოთ? მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს გონივრულად ვიყენებთ. ვაფასებთ, თუ სად ღირს მას მივმართოთ, სად შეუძლია გაგვიუმჯობესოს საქმე, ბრმად არ ვიყენებთ. გვინდა, გავიგოთ, თუ რა ხდება“.
ევროპელი დამსაქმებლების დაახლოებით სამმა მეოთხედმა უკვე პრაქტიკაში მოსინჯა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ავითარებს ახალ ვირტუალურ ინსტრუმენტებს. იგი შიფრავს შუა საუკუნეების ხელნაწერებს… მას იყენებენ ავტოპილოტური მანქანების დიზაინის შექმნის ან ფუტურისტული შენობების აგების დროს. თუმცა ამავე დროს ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტად აფიქრებთ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მშრომელები და პროფესიული კავშირები კი შიშობენ, რომ ის უარყოფითად აისახება გარკვეულ პროფესიებზე.
თვით ხელოვანებიც საგონებელში ჩააგდო ხელოვნური ინტელექტის ადამიანის შემოქმედებით უნართან კონკურენციამ. მაგალითად, სულ ახლახან რენატა პიტროფმა, Canal Project-ის ინტელექტუალური ხელოვნების კურატორმა, რომელსაც ვენის არხთან დაგეგმილი კულტურული ღონისძიებისთვის იდეები სჭირდებოდა, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვა დახმარება. და მიუხედავადა იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შეთავაზებული იდეებიდან ზოგი საკმაოდ ექსცენტრული გამოდგა, ხელოვანმა მაინც ყველა მათგანს შეასხა ხორცი. და ეს ზერეალისტური იდეები საბოლოოდ აუდიოვიზუალურ გამოფენად იქცა.
რენატა პიტროფი, Canal Project-ის ინტელექტუალური ხელოვნების კურატორი:
„ხელოვნური ინტელექტის მიერ მოწოდებულ იდეებს როგორ გამოიყენებ, ეს შენზეა დამოკიდებული. თუ მათ რეალობად აღიქვამ, არ მგონია, რომ აქედან რამე კარგი გამოვიდეს. მაგრამ თუ ის რაღაცაზე გაგიყვანს, ეს სულ სხვაა. მაგალითად, თუ ხელოვნური ინტელექტი გვწერს, რომ არხის დამსუფთავებელი გუნდი უნდა შევქმნათ, ეს შესანიშნავი აზრია. ჩვენ სწორედ ეს გავაკეთეთ, წავედით ბადეებით და არხიდან ნაგავი ამოვიღეთ“.
რენატა ასევე ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩვენ თვალწინ მიმდინარე რევოლუციას ხელოვანები ცნობისმოყვარეობით, აღტაცებითა და სიფრთხილით ადევნებენ თვალს.
„ამ გამოფენით გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ საშიშროება არ ახლავს თან,“ – განმარტავს რენატა. „ხელოვნური ინტელექტი საშიშია მისი იმ უნარის გამო, რომ შეუძლია შეცვალოს აქამდე არსებული რეალობა. ის შესაძლოა იყოს რაღაც დიდებული, და შესაძლოა იყოს ძალიან ცუდიც. ის აუცილებლად კარგისთვის უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა კარგად გააცნობიეროს, თუ რისთვის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს“.
ვენაშივე შევხვდი კომპიუტერული ტექნოლოგიის ინჟინერს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იმ კუთხით მუშაობს, რომ საავადმყოფოებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რაც შეიძლება ოპტიმალურად გამოიყენონ და მისი დახმარებით ადამიანები გადაარჩინონ.
ხელოვნური ინტელექტი ამა თუ იმ სახით ჩვენ შორის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იყო. თუმცა ახლა, როგორც ეს მეცნიერები ამტკიცებენ, იმას იკვლევენ, რომ რაც შეიძლება ფართოდ დაინერგოს ეს კონცეფცია და როგორ შეიძლება მისი გამოიყენება.
კლემენს ჰაიტცინგერი, ხელოვნური ინტელექტისა და დანადგარების შესწავლის ცენტრის თანამმართველი ვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან:
„ეს პროგრამირების სისტემები ჩაშენებულია ჩვენს ტელეფონებსა და კომპიუტერებში. ამ სისტემების მუშაობის გათვლა შესაძლებელია და ისინი წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებისთვისაც შექმნეს. სწორედ ეს არის ხელოვნური ინტელექტის სისტემების დეველოპერების პასუხისმგებლობაც. ადამიანის ისტორია აჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის ვითავისუფლებდით თავს. ჩვენ დიდი წარმატებით ვქმნიდით ახალ ინსტრუმენტებს. და, როგორც წესი, ისინი ცხოვრებას გვიმარტივებდნენ“.
იმის ძიებაში, თუ როგორ გვიმარტივებს ცხოვრებას ხელოვნური ინტელექტი, ინსბრუკში ჩავედი. ეს სტარტაპები ხელოვნურ ინტელექტს იმ ისტორიული დოკუმენტების გასაშიფრად იყენებენ, რომლებიც არ იკითხება, დაშიფრულია, ბუნდოვანია ან უბრალოდ გაკრული ხელით არის ნაწერი. ამით მეტს ვიგებთ წარსულზე. ხელოვნური ინტელექტის წყალობით, აქ 35 ადამიანი დასაქმდა.
„მანქანა უკეთ არჩევს გარკვეული ტიპის ფენომენსა და გამოსახულებას, ვიდრე ადამიანი, თუმცა ადამიანი სხვა კუთხით სჯობნის, მაგალითად, გამოსახულების გარკვეული მახასიათებლების შეფასების მხრივ,“ – ამბობს ენდი შტაუდერი, კომპანია Transkribus-ის ხელმძღვანელი. „როდესაც ორივეს უნარს აერთიანებ, საუკეთესო შედეგსაც მაშინ იღებ. ვერავინ შეძლებს 10 ათასი გვერდის წაკითხვას სწრაფად. მანქანას ეს შეუძლია და თან მიგითითებს: „აი, ეს არის ამ დოკუმენტებში ყველაზე საინტერესო ადგილები. ეს იგივეა, ძველ დროში რომელიმე ასტრონომისთვის ტელესკოპი რომ მიგეცა. თუმცა ეს უფრო მეტსაც ნიშნავს, რადგან წარმოიდგინეთ, ტელესკოპს შენთან საუბარი და მინიშნება რომ შეეძლოს, თუ სად არის რომელიღაც ვარსკვლავი. ჩემი აზრით, ეს მშვენიერია.“
თუმცა ამ მშვენიერებას რისკებიც ახლავს და როგორც ზოგიერთი ადამიანი წუხს, ყველაზე სწრაფად ამ რისკების მოხსნა სკოლებშია საჭირო. ამ ცენტრში 800-ამდე მოწაფე ორ ენაზე იღებს განათლებას. კომპიუტერებმა და ეკრანებმა დიდწილად უკვე ჩაანაცვლეს დაფები და რვეულები. ტერმინ ხელოვნური ინტელექტს მრავალ საკლასო ოთახში მოისმენთ. მისი გამოყენება შესაძლებელია ცოდნის გაფართოების მიზნით, თუმცა პედაგოგები იმასაც აღიარებენ, რომ მას შემოქმედებითი უნარის ჩახშობაც შეუძლია. ისინი ცდილობენ, რომ მოწაფეებმა ეს ფენომენი გონივრულად გამოიყენონ და არა უსარგებლო ინფორმაციის სწრაფად შესაგროვებლად. ან კიდევ უფრო უარესი – საშინაო დავლების ან გამოცდის გასაყალბებლად.
სტივენ დეა, ICT-ის მასწავლებელი და დიპლომის პროგრამირების კოორდინატორი, ინსბრუკის საერთაშორისო სკოლა:
„ჩვენთვის, როგორც განათლების მუშაკებისთვის, აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ჩვენი მომზადებული ამოცანების ამოსახსნელად სტუდენტები არ გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოწაფეებს, რომ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რათა სწრაფად იაზროვნონ, მაგრამ მერე კითხვებით ვამყარებთ სწავლის პროცესს ისეთ საკითხზე, რომელზეც გვინდა მეტი იფიქრონ, გააანალიზონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და ისე გამოთქვან აზრი. შემდეგ აწარმოონ საკუთარი კვლევა და გამოიტანონ საკუთარი დასკვნები“.
ბევრს აინტერესებს, თუ რამდენად გამოდგება ხელოვნური ინტელექტი, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და რამდენად შეძლებს მასწავლებლის ჩანაცვლებას. „ეს არ მოხდება მალე“, – ამბობს სკოლის დირექტორი.
როზმარი კნოფლახი, Akademischen Gymnasium-ის დირექტორი, ინსბრუკის საერთაშორისო სკოლა:
„ჩვენ გვინდა, რომ მოწაფეებმა შემოქმედებითად იაზროვნონ, სტრიქონები კარგად გაიაზრონ და დასვან კითხვები. ამას ხელოვნური ინტელექტი ვერ მისცემს, ეს მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია“.
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკები მკაფიოდ ჩანს ამ არქიტექტორთა კაბინეტში. მათ ახლახან დაუფინანსეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც თურქეთში უნდა ააშენონ 1200-ბინიანი კორპუსი, ბერლინში კი – ფედერალური სახლები. ორივე შემთხვევაში ხელოვნურმა ინტელექტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა.
„თუკი ადრე რამდენიმე დღე და კვირა გვჭირდებოდა სიმულაციების ასაგებად ალგორითმებისა და მათემატიკური მეთოდების საშუალებით, ახლა ასეთ სიმულაციებს ძალიან სწრაფად ვადგენთ“, – განმარტავს აბდულეტიფ ჩიფტჩი, Inntech Ingenieurbüro-ის მმართველი მენეჯერი.
თუმცა ეს არქიტექტორები აღიარებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ძალიან ძლიერ კონკურენტად იქცეს.
„არქიტექტურაზე მუშაობა მოითხოვს მრავალი დეპარტამენტისა და სპეციალისტის მიერ კოორდინირებულ დაგეგმარებას,“ – გვიხსნის აბდულეტიფ ჩიფტჩი. „დაგეგმარების დროს ძალიან რთულია ყველა დისციპლინის შეთანხმება. ამ კონტექსტში ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს მუშაობას, თუკი ყველა რგოლი შეთანხმდება .თუმცა უკვე საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც არქიტექტორები დასახმარებლად ხელოვნურ ინტელექტს მიმართავენ“.
ამაზე საკმაოდ ბევრს კამათობენ ესტონეთშიც, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ციფრული ქვეყანაა. აქ პირველ რიგში, ავტოპილოტურ ავტომობილით ვიმგზავრე. მას შეუძლია, იაროს სამგანზომილებიანი რუკის მქონე ქუჩებში. მის სისტემას ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს, რომელიც ამ ავტომობილის ავტორებს სრულიად ახალი ბიზნესის პერსპექტივასაც უხსნის.
„ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ავტონომიური სისტემის განვითარების ეფექტიანობა არ შეუცვლია,“ – ამბობს იოჰანეს მოსოვი, AuveTech-ის მმართველი საბჭოს წევრი.
„ ჩვენ ვაგროვებთ უამრავ მონაცემს ავტომობილებიდან. ხელოვნური ინტელექტის მრავალი ინსტრუმენტი გვეხმარება, გავიგოთ, თუ რას ნიშნავს ეს მონაცემები ჩვენთვის, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება განვითარების პროცესში, რა უნდა გავაუმჯობესოთ. გაყიდვების დროსაც გვეხმარება, რათა უკეთ გავუგოთ კლიენტებს“.
ხელოვნურ ინტელექტს უკვე საკმაოდ აქტიურად მიმართავენ, როგორც შუამავალს საქმიანი გარიგებების დროს. ამ ხუთი წლის წინ დაფუძნებულ სტარტაპში შექმნეს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტები, რომლებიც დიდ კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ ერთდროულად ათასობით მომწოდებელთან გამართოს მოლაპარაკება და მომგებიანი კონტრაქტები დადოს. Pactum AI-ის საწარმოში ამჟამად 100 ადამიანია დასაქმებული.
კასპარ კორიუსი, Pactum AI-ის ხელმძღვანელი:
„მახსოვს, როდესაც ამ იდეაზე დავიწყეთ ფიქრი და მამაჩემს ვუთხარი, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის გაკეთება გვინდოდა, რომელიც დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკებებს გამართავდა, მამამ მითხრა: „კასპარ, ძალიან მინდა, ხელი შეგიწყო შენს ახალ ბიზნესში, მაგრამ ეს უბრალოდ სისულელეა. მოლაპარაკებებს ადამიანები სჭირდება. ჩვენ მოგვწონს, ერთმანეთს რომ ვხედავთ, მოგვწონს ურთიერთობა. არცერთ ადამიანს დედამიწის ზურგზე არ მოუნდება მოლაპარაკების გამართვა ჩატბოტთან. გთხოვ, სხვა რამეს მოჰკიდე ხელი“.
ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლა სახიფათოა ბიზნესისთვის, პირადი ცხოვრებისთვის, როდესაც ისეთ რამეს აკეთებ, რომელიც არ იცი, რა შედეგს გამოიღებს. მეორე მხრივ, ისმის კითხვა: ეს უფრო სახიფათოა თუ ის, რომ არაფერი აკეთო?“
თუმცა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ინოვაციები ბევრისთვის უკვე იქცა რეალურ პრობლემად. მე ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მთარგმნელობით სააგენტოს ვესტუმრე. 30 წლის წინ დაფუძნებული სააგენტო დაახლოებით 40 ადამიანს ასაქმებს, როგორც შტატიან, ისე უშტატო თანამშრომელს. ისინი მაინცდამაინც არ ღელავენ თავიანთი სამუშაო ადგილის გამო. მაგრამ უკვე ხედავენ, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი მათ სამუშაო გარემოს.
„უფრო ფართო ენობრივ მოდელებს ნამდვილად კარგი თარგმანის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ 100-პროცენტიანი სიზუსტით ვერ თარგმნიან,“ – ამბობს მარჯ ზორდანია, Luisa Translation Agency-ის სამედიცინო თარგმანის განყოფილების ხელმძღვანელი. „ცნობილია, რომ თუკი მათ არ ჰყოფნით მონაცემები, იგონებენ. ჩემი აზრით, ამ თარგმანებს ბოლოს აუცილებლად ადამიანმა უნდა გადახედოს, რათა ნახოს, სწორია თუ არა ყველაფერი. თუმცა ახლა მანქანა ისე სწრაფად თარგმნის, რომ თარჯიმნებისგანაც მეტ სისწრაფესა და უფრო დიდი ტექსტის თარგმანს ითხოვენ. მაგრამ, რადგანაც სათარგმნი ტექსტის ნახევარს და მეტსაც კი მანქანა აკეთებს, თარჯიმანს ნაკლებს უხდიან, გამოდის, რომ მეტ შრომაში ნაკლებს იღებენ. ესეც ძალიან გულსატკენია“.
იმედგაცრუებას სხვა სექტორებშიც გრძნობენ, მაგალითად, გრაფიკულ დიზაინში. ილუსტრატორმა პირეტ რენიმ შეხვედრა შემომთავაზა გამოფენაზე, რომელსაც „ჯადოსნური ტყე“ ერქვა. საერთაშორისო დონის ხელოვანები ციფრულ ან მის ანალოგ ტექნოლოგიას იყენებენ ილუსტრაციების შესაქმნელად. ხელოვნურ ინტელექტს დამოუკიდებლად ასეთი ტიპის ხელოვნების შექმნა არ შეუძლია, ამბობს ჩემი რესპონდენტი:
„აქ ჩანს, თუ რა უნიკალურად აერთიანებს ილუსტრატორი თავის განცდასა და ტექნიკურ მხარეს იდეაში, ისე, რომ მის სტილს ვერავინ გაიმეორებს. ეს ხელოვნების ნიმუში ამ ადამიანმა შექმნა, ეს არის მისი თავისებური იუმორი“.
და მაინც სავსებით რეალურია საფრთხე იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ბოლოს მაინც დაიხვეწება ისე, რომ ადამიანისგან ვეღარ გაარჩევ. თუმცა ჯერ კიდევ არ არის გვიან გამოსავლის ძებნა, ამბობს პირეტ რენი:
„მაგრამ რა ქნას ხალხმა, რა ვქნათ ჩვენ? ასეთი ხუმრობა გავრცელდა: იმიტომ გამოვიგონეთ რობოტები, რომ მათ ჩვენ ნაცვლად შავი საქმე გაეკეთებინათ, ჩვენ კი ამ დროს ხელოვნება, კულტურა და ლიტერატურა შეგვექმნა. გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ისევ შავ სამუშაოს ვასრულებთ, რობოტები კი ქმნიან ხელოვნებას, კულტურასა და ლიტერატურას. ბოლოს და ბოლოს, ასეთი ვითარება ხომ არავის მოსწონს. ჩვენი ზრდასრული მოსახლეობა ვალდებულია ისე დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ სულ არ დავკარგოთ რეალობა“.
რეპორტაჟზე მუშაობის დროს რამდენჯერმე გავიგონე ასეთი გამოთქმა, რომ „სამუშაოს ხელოვნური ინტელექტი კი არ დაგაკარგვინებს, არამედ ის, ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს“. მაინც როგორ უნდა მოემზადოს მუშახელი ამ დღისთვის? უნდა აიმაღლოს კვალიფიკაცია, რამდენადაც შესაძლებელია. ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა, ამბობს ესტონეთის პროფესიული კავშირის კონფედერაციის პოლიტიკური მდივანი.
იან-ჰენდრიკ ტუმელი, ესტონეთის პროფესიული კავშირის კონფედერაციის (EAKL-ის) პოლიტიკური მდივანი:
„ხალხს, როგორც წესი, ეშინია იმის, რაც არ იცის, მიუხედავად იმისა, კარგია ის თუ ცუდი. კომპანიებს ყოველთვის არ უნდათ დიდი თანხების ჩადება დასაქმებულების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ისინი ამას აკეთებენ იმ დოზით, რომელიც მხოლოდ მათ კომპანიას სჭირდება და მორჩა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრმა კომპანიამ არ იცის, თუ როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი“.
რეპორტაჟს ხელოვანების – ვარვარასა და მარის ატელიეში დავასრულე. ამჟამად ისინი ახალ ინსტალაციაზე მუშაობენ, რაშიც ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტის ხელი უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს და გამოფენაზე მისულ ვიზიტორებს ითვლის. მათი მიზანია, რომ კრიტიკული აზრი გამოთქვან იმის შესახებ, თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს მომავალ საზოგადოებასა და დასაქმების ბაზარზე ხელოვნურმა ინტელექტმა.
„რამდენიმე წლის წინ ითქვა, რომ პირველი პროფესია, რომელსაც ავტომატი თავიდან ბოლომდე შეასრულებს, იქნება სატვირთოს მართვა“,- ამბობს მარი.
„მაგრამ როდესაც საბურავი დაეშვება, ან საწვავი გამოილევა, მაშინ შენი სატვირთო სადღაც ჩარჩება. მართალია ასეთი საკითხები მძღოლის სამუშაოს დაახლოებით 5 პროცენტს მოიცავს, მაგრამ რეალურად დანარჩენი სრულად ავტომატიზებული 95 პროცენტი მის გარეშე უფასურდება. ზოგჯერ ასეც უნდა იფიქრო, რათა დაინახო, რომ ხელოვნური ინტელექტის დეველოპერებს ნებისმიერი რამ შეუძლიათ მოგვყიდონ, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ 5%-ს, რომელიც მათ არ სურთ, რომ შევამჩნიოთ, შეუძლია მთლიანად დაშალოს ბანქოს სახლი“.
აზრის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, სამი რესპონდენტიდან ორს ეშინია რომ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ევროპაში ფეხს მოიკიდებს, სულ უფრო ცოტა მუშახელი იქნება საჭირო. არადა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ რა გავლენა ექნება ამ ახალ ტექნოლოგიას კომპანიებისა და იქ დასაქმებულების ყოველდღიურ ყოფაზე მთელი კონტინენტის მასშტაბით.
ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი