საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ქვეყნის მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიმართვის წერილს ავრცელებს, რომელშიც მოლოცვა არ იკითხება.
თეთრი სახლის მეთაური საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უწოდებს დემოკრატიულად დაზიანებულს და ამის მაგალითად ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩეველთა დაშინების ფაქტების არსებობა მოჰყავს. მისივე განცხადებით, ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ შემოღება კი დემოკრატიის ფუნდამენტს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
„აშშ დიდი ხანია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ, ღრმად შეშფოთებული ვარ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლით, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც იმეორებს რუსულ კანონებს, რომელიც კრძალავს ფუნდამენტურ თავისუფლებასა და ადგილს უზღუდავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. სულ ახლახან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესი დააზიანა ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩეველთა დაშინების მრავალრიცხოვანმა შემთხვევებმა.
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს არ შეუფასებიათ, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სცენ პატივი კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძველია“, – ამბობს ჯო ბაიდენი.
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას ორმაგი ინტერპრეტირება მოჰყვა ქართულ პოლიტიკაში. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამ განცხადებიდან, არჩევნების ლეგიტიმურად აღიარება ამოიკითხეს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონკრეტული წუხილის მიუხედავად, ამერიკამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღიარა. ხოლო ჰელსინკის კომისიის კრიტიკულ პოზიციას, დაუსაბუთებელსა და შეურაცხმყოფელს უწოდებს.
„აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება იყო ქართული არჩევნების აღიარება. სწორედ ამის გამო ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ჰელსინკის კომისიამ უხეშად გააკრიტიკა. შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ის იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ.
ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ. ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, აშშ-ის პრეზიდენტისადმი ასეთი განცხადების საფუძველი, მაშინ როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკისებმა და დამკვირვებლებმა წარადგინეს ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ეს არის უმძიმესი ბრალდება.
ჩვენ მოვუწოდებთ იმავე სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეოსექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება, ქართულ საზოგადოებასაც დადეთ პატივი და წარუდგინეთ ეს ნათელი მტკიცებულებები. ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ, ყველას, დაგვიმალეს თუ რა ქნეს? წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება. სამწუხაროდ, გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ის პრეზიდენტს იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ, ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ. ამიტომ სულ რომ დღესვე გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ არ ვაპირებთ, გავუტაროთ, ჩვენ ამ თემას, არჩევნების გაყალბების შესახებ მათ ტყუილებს ჩავყვებით ბოლომდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სხვადასხვა კოალიციიდან თუ პარტიიდან კი მიაჩნიათ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ნეგატიურად აფასებს ჩატარებულ არჩევნებს და მოქმედ ხელისუფლებას ამომრჩევლებზე ზეწოლასა და მრავალ დარღვევაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნების“ ოპონენტების განცხადებით, ყველა დემოკრატიული საერთაშორისო აქტორი, ქართულ არჩევნებს შემდგარად არ მიიჩნევს და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.
„ჩვენ ვნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ, მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული და თანმიმდევრული დამცველი. პრეზიდენტის განცხადებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ უნდობლობა ჩანს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო წლებში დემოკრატიული უკუსვლა მიმდინარეობს, არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების უამრავი ფაქტი, ამაზეა საუბარი განცხადებაში. პრეზიდენტი ბაიდენი მოითხოვს, ამ გაყალბებული პროცესის გამოძიებას, ჩვენ „ძლიერი საქართველო“ მოვითხოვთ, საერთაშორისო რეპუტაციის მქონე შესაბამისი სტრუქტურის მიერ ამ გაყალბებული არჩევნების გამოძიებას, ამ პროცესის გამჭვირვალედ შესწავლას და რაც მთავარია, რეგისტრაციის აპარატების გახსნას – გასაჯაროებას, რომ საზოგადოებამ ნახოს ამომრჩეველთა სიები, რომლებმაც ხმა მისცეს 26 ოქტომბერს, დავინახავთ, რომ ათობით ათასი ადამიანის მაგივრად, რომელიც არ იმყოფება ქვეყანაში, ხმა აქვთ მიცემული „ქართული ოცნების“ გამყალბებლებს“,- განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
უცნობია, გააკეთებენ თუ არა თეთრი სახლიდან დამატებით განცხადებას ან განმარტებას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიციასთან დაკავშირებით.
ალეკო გვეტაძე