საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან მეოთხე დღესაც საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხია. „პროცედურული თვალსაზრისით კარგად ორგანიზებული, თუმცა მნიშვნელოვანი სისტემური დარღვევების შემცველი“ – ასეთია საქართველოს დასავლელი პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერებისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
კრიტიკულ განცხადებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები მოჰყვა. შვედეთის ხელისუფლება საქართველოს მთავრობასთან ორმხრივ თანამშრომლობას წყვეტს, ეს კი წელიწადში 200 მილიონი შვედური კრონის, ანუ 51 მილიონი ლარის ოდენობის დახმარების შეჩერებას გულისხმობს. პოლიტიკურ მმართველობასთან გაწყვეტილი თანამშრომლობის პარალელურად სტოკჰოლმი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას განაგრძობს.
„ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, ეს არჩევნები სანდო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ. რუსეთის ამბიცია ევროპასთან დაახლოების შეჩერებაა და ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმებით, არამედ ჰიბრიდული ომია ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.
ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს კანადაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნაზე დაყრდნობით, ქართულ საპარლამენტო არჩევნებს შემაშფოთებელს უწოდებს. თბილისთან ორმხრივი ურთიერთობები დიდი შვიდეულის სამიტის მონაწილე სახელმწიფოებსა და კანადის ევროპელ პარტნიორებთან გადაიხედება.
არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ საჭიროა ორმხრივი „ურთიერთობების გადატვირთვა“, ხოლო დასავლეთმა ქართველი ხალხის ინტერესები და ურყევი ნება უნდა გაითვალისწინოს.
არ იცვლება კრემლის გზავნილები. რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით. კრემლის პრესსპიკერის აზრით, დასავლური სახელმწიფოები საქართველოს ულტიმატუმებს უყენებენ, ეს კი, მისი შეფასებით „დაუშვებელია“. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი კი თბილისთან ურთიერთობების გაღრმავების მზაობაზე საუბრობს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არაღიარების გამო გაწყვეტილი დიპლომატიური თანამშრომლობის მიუხედავად, საარჩევნო პროცესს გამოეხმაურა მოსკოვის მოკავშირე ვენესუელის პრეზიდენტი. ნიკოლას მადუროს შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების რიტორიკა მიანიშნებს, რომ ვაშინგტონს თბილისის საკუთარ კოლონიად გადაქცევა სურს.
„ამჟამად, ჩვენ საქართველოსთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. ქვეყნის წინა ხელისუფლებამ გაწყვიტა ეს კავშირი. თუმცა, ჩვენ და ქართულ მხარეს შენარჩუნებული გვაქვს ჩვენს ტერიტორიებზე შვეიცარიის საელჩოს შუამდგომლობით მოქმედი ინტერესთა სექცია. ამ ფორმით მუშაობენ ჩვენი დიპლომატები თბილისში. რა თქმა უნდა, ისინი გვაწვდიან ცნობებს იქ განვითარებული მოვლენების შესახებ და ხელს უწყობენ ორმხრივი კავშირების განვითარებას. ყველა საკითხს ჩვენი დიპლომატები ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავენ. თუ იქნება რაიმე დამატებითი წინადადებები ქართული მთავრობის მხრიდან, ცხადია, განვიხილავთ. ჩვენ ამას არასდროს ვარიდებდით თავს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
საერთაშორისო გზავნილების პარალელურად, თბილისი კიდევ ერთხელ იქცა მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კერად. პარლამენტში შესვლაზე საარჩევნო ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ უარი თქვა და საქართველოს პრეზიდენტსა და საზოგადოებასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოს გარეთ შეიკრიბა გზავნილით „ქართველ ხალხს მიეცეს პოლიტიკური ნების გამოხატვის უფლება თავისუფალ და სამართლიან გარემოში”.