დღეს, 24 ოქტომბერს არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე ჩხრეკა ჩაატარეს. მთ შორის, ჩხრეკა ჩატარდა ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ ორი თანამშრომლის, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.
ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ ჩამოართვეს საკუთარი და ოჯახის წევრების პირადი ნივთები, ლეპტოპები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა. დღეს ასევე, ჩხრეკა ჩატარდა ამერიკული ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის კომპანია Concentrix-ის სათავო ოფისში.
ანალიტიკების, სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილისთვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში. საქმე სამი მუხლით არის აღძრული – ფულის გათეთრება, თაღლითობა და გადასახადებისგან თავის არიდება.
ამერიკული ბიზნესპროცესების აუთსორსინგი კომპანია Concentrix-ის სათავო ოფისში მიმდინარე ჩხრეკას კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვალერი ტყეშელაშვილი „ფეისბუკლაივის” საშუალებით გადასცემდა ინფორმაციას.