კატეგორიები
ევროსასამართლომ რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტებად” გამოცხადებულების სარჩელი დააკმაყოფილა
კუბი

ევროსასამართლომ რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტებად” გამოცხადებულების სარჩელი დააკმაყოფილა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებული 107 ინდივიდისა და ორგანიზაციის საერთო სარჩელი განიხილა და დაასკვნა, რომ რუსეთში მოქმედი „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონი არის მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენება მეტისმეტად ფართო მნიშვნელობით და არაპროგნოზირებადი გზით.

სარჩელი „კობალინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ეხება რუსეთში მოქმედ კანონს, რომელიც მრავალი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და ინდივიდისგან მოითხოვს, დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის აგენტებად”.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ამ კანონით ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოხატვის თავისუფლების მუხლი, ასევე შეკრების თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება. სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება და ასევე სამართლებრივი ხარჯების გადახდა.

33 წლის არტისტი და მუსიკოსი საშა სკოლიჩენკო დააკავეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი Copyright AP Photo/Dmitri Lovetsky რუსეთმა მიიღო კანონი „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ”, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ

როგორც ვკითხულობთ ვერდიქტში, რუსეთში მიღებული კანონმდებლობა ახალისებს სტიგმას, შეცდომაში შეჰყავს ადამიანები და მისი გამოყენება ზედმეტად ფართოდ და არაპროგნოზირებადი გზით ხდება. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, კანონმდებლობის მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ დასჯა და დაშინებაა. მოსამართლემ განსაკუთრებით გამოყო ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყნის აგენტის იარლიყი უნდა იყოს გამოქვეყნებული ნებისმიერ დროს, როდესაც ინდივიდი ან ორგანიზაცია აქვეყნებს პოსტს სოციალურ მედიაში. ასევე მოსამართლემ დარღვევად მიიჩნია ის, რომ აგენტებად გამოცხადებული ინდივიდები გაირიყნენ საარჩევნო და სასწავლო პროცესებისგან და ჩამოერთვათ შემოსავლის მიღების შესაძლებლობა რეკლამის კერძო დამკვეთებისგან.

ცნობისთვის, მოსარჩელეებს შორის არიან უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალი“, ტელეარხი „დოჟდი“, გამოცემა „ინსაიდერი“, პროექტი „მედიაზონა“, პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი და ასევე ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი. ყველაზე დიდი კომპენსაცია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ეკუთვნის გამოცემა „რადიო თავისუფლებას“ – 955 449 ევრო მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო რუსეთი ევროსაბჭოდან 2022 წელს გააძევეს. მას შემდეგ რუსეთის ფედერაცია აღარ წარმოადგენს ევროპული კონვენციისთვის მხარეს, თუმცა სტრასბურგის სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი განცხადებები, თუ ეს შეეხება მოვლენებს, რომლებიც 2022 წლამდე მოხდა. პარალელურად რუსეთის სახელმწიფო დუმამ შეიტანა ცვლილება კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთში აღსრულებას არ ექვემდებარება.

Latest video