მთავარიევროპამოლდოვა„უსამართლო ბრძოლა" და „სამართლიანი გამარჯვება" მოლდოვაში

„უსამართლო ბრძოლა” და „სამართლიანი გამარჯვება” მოლდოვაში

„სამართლიანი ბრძოლა და სამართლიანი გამარჯვება უსამართლო ბრძოლაში” – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ არჩევნებს, რომელიც მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. მოქმედ პრეზიდენტს ამომრჩეველთა 42%, მის მთავარ ოპონენტს, ალექსანდრ სტოიანოგლოს კი, 26% მიემხრო. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გახდეს მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეები არჩევნების მეორე ტურით გადაწყვეტენ. მოლდოვის მოქალაქეები საპრეზიდენტო კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ 3 ნოემბერს უყრიან, თუმცა მათ უკვე გადაწყვიტეს, რომ ქვეყნის ადგილი ევროკავშირშია. მოლდოველთა უმრავლესობამ საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გამართულ რეფერენდუმზე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების სურვილის კონსტიტუციაში ასახვას მხარი დაუჭირა. ხმები თითქმის სრულად დათვლილია და იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების ნების კონსტიტუციაში ასახვას ემხრობა, 50%-ს აღემატება.

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და მოლდოვის პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, კიშინიოვი, მოლდოვა, 21 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

„მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებმა მხარი დაუჭირეს ევროპულ გზას. მოვიგეთ პირველი ბრძოლა, რომელიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოდით და სამართლიანად გავიმარჯვეთ უსამართლო ბრძოლაში.

ის, რაც გუშინ მოხდა და რაც უკვე ორი წელია გრძელდება, არის თავდასხმა დემოკრატიასა და ჩვენი ხალხის თავისუფლებაზე, თავდასხმა ჩვენი ხალხის მისწრაფებაზე იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. მტრებს უნდათ გაყოფილი და დამფრთხალი მოლდოვა ნახონ. მათი სურვილია, რომ მოლდოველებმა საკუთარ ძალასა და ერთიანობაში ეჭვი შეიტანონ. კრიმინალებს, რომელთაც ძალაუფლების დაბრუნება ნებისმიერ ფასად სურთ, უნდოდათ დემოკრატია ჩვენს სისუსტედ გამოეყენებინათ“, – განაცხადა მაია სანდუმ 21 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.

ხმის მიცემის დასრულებიდან რამდენიმე საათში მაია სანდუმ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები არჩევნებში ჩარევასა და „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ თავდასხმის მიზანი 300 000 ხმის მოსყიდვა იყო. მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც მოლდოვისადმი მტრულად განწყობილ უცხო ძალებთან თანამშრომლობენ, ქვეყანას ათობით მილიონი ევროს, ტყუილების, პროპაგანდისა და ყველაზე სამარცხვინო საშუალებების გამოყენებით დაესხნენ თავს.

საარჩევნო პროცესში უცხოური ძალების, კონკრეტულად კი, რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩართულობას ადასტურებენ ბრიუსელშიც.

„საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმს დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით. მოლდოვა ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხმის მიცემა რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ უპრეცედენტო ჩარევისა და დაშინების პირობებში ჩატარდა და მათი მიზანი მოლდოვაში დემოკრატიული პროცესის დესტაბილიზაცია იყო“, – ამბობს ევროკომისიის სპიკერი პიტერ სტანო.

მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება კრემლიც.

„ის შედეგები, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით და მათი ცვალებადობის დინამიკა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. უპირველეს ყოვლისა, საყურადღებო და რთულად ასახსნელია მაია სანდუსა და ევროინტეგრაციის მომხრე ამომრჩეველთა ხმების ზრდის ტემპი. ვისაც ოდნავ მაინც ესმის პოლიტიკური პროცესების არსი და მონაწილეობს სადამკვირვებლო პროცესში, შეუძლია, დაინახოს ხმების ანომალიური მატება. მეორე, რაზეც შეიძლება ყურადღება გამახვილდეს, არის არათავისუფალი საარჩევნო კამპანია, როცა ოპოზიციურ ძალებს შეზღუდული ჰქონდათ აგიტაციის შესაძლებლობა. ოპონენტებს დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, უწყობდნენ დაკითხვებს, არ უშვებდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, იხურებოდა მედიასაშუალებები, იბლოკებოდა ინტერნეტრესურსები და ა. შ. მსგავსი არათავისუფალი საარჩევნო კამპანიის ფარგლებშიც კი ვხედავთ, რამდენად ბევრი მოქალაქე არ ემხრობა მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს იდეოლოგიას“, – ამბობს დიმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი.

20 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 51.67% შეადგინა. არჩევნების შემდეგ მაია სანდუს არ დაუსახელებია კონკრეტული დაჯგუფებები და უცხოური ძალები, რომელთაც მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებში ჩარევასა და დემოკრატიაზე თავდასხმაში ადანაშაულებს, თუმცა მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება 20 ოქტომბრამდეც აღნიშნავდა, რომ რუსეთი და კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend