მთავარისაქართველოე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის სამართლებრივი გზა - კანონი სტრასბურგში გასაჩივრდება

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის სამართლებრივი გზა – კანონი სტრასბურგში გასაჩივრდება

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე. ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი თბილისიდან ამჯერად სტრასბურგში 120 სამოქალაქო, 16 მედიაორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაიგზავნება. გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ და მას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიუღწეველი სამართლებრივი შედეგით ხსნიან.

„სამწუხაროა, რომ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც ყველა ამ ცივილიზაციური არჩევანის დაცვას სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს, სწორედ სახელისუფლებო ორგანოები არღვევენ, ხოლო, საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარს ამბობს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად ქართველი ხალხის უპირობო გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

სადავო კანონი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ექვსი მუხლის დარღვევის გამო საჩივრდება. დამრღვევად კი არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს ასახელებენ. ეს მუხლები მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს მოიცავს, მათ შორის გამოხატვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებია. სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონის დისკრიმინაციული შინაარსის გამო ის არა მხოლოდ არასამთავრობოებისა თუ მედიის საქმიანობას ზღუდავს, არამედ საზოგადოების კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება.

„მოგეხსენებათ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა რეპრესიები, მათ შორის ჩვენი ოფისების ვანდალიზაცია, შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ზარები. ყოველივე ეს მტკიცებულება ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა დალაგებული და დართულია საქმეზე. ამას ემატება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების ანგარიშები, რომლებმაც კონკრეტული კანონი მრავალმხრივ შეაფასეს. მათ არაერთი სამართლებრივი არგუმენტაცია წარმოადგინეს, თუ რატომ არ შეესაბამება სადავო კანონი არც საქართველოს შიდაეროვნულ კანონმდებლობას და, მითუმეტეს, არც ევროპულ კონვენციას, რომელიც ასევე საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია“, – განაცხადა „საიას“ საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა.

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი საკანონმდებლო ორგანოდან სტრასბურგის სასამართლოში გზას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერის გამო განაგრძობს. 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიცია. მათ მიიჩნიეს, რომ სადავო კანონი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს მყისიერ საფრთხეს არ უქმნის, ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედება არ შეაჩერეს, თუმცა წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ განსახილველად მიიღეს. სხვა მუხლებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს დასადგენი აქვს, ირღვევა თუ არა ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონით ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელი 78-ე მუხლიც. საკითხის განსახილველად სასამართლოს 9 თვე აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა შეზღუდული არაა.

სამართლებრივ პროცესს მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციებს საკმარისი დრო ჰქონდათ ქვეყნის შიგნით არსებული მართლმსაჯულების მექანიზმებით გამოეხატათ საკუთარი პოზიცია. საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი იმედოვნებენ, რომ მრავალთვიანი დავა სტრასბურგში გამარჯვებით დასრულდება და კანონი გაუქმდება.

„ბუნებაში არ არსებობს რაიმე ღიაობისა და გამჭვირვალობის საწინააღმდეგო. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსა თუ სხვა შესაბამის ინსტანციებში ეს საკითხი არ იყო მხარდაჭერილი, რადგან ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, ანალოგიური იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაშიც“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ.

„ამ კანონის მიზანია, განსხვავებული აზრის მქონე ყველა ადამიანს მიაწებონ აგენტის იარლიყი და ამით გააღრმაონ საზოგადოებაში დაპირისპირება და სიძულვილი. რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ ამ კანონის გაუქმებას ნებისმიერი თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, სტრასბურგის სასამართლო მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.

ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით საბოლოოდ 28 მაისს საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკის ფონზე მიიღო. მანამდე ქვეყანა თითქმის უწყვეტმა ორთვიანმა პროტესტმა მოიცვა. საქართველოს პარტნიორი დასავლური სახელმწიფოების მიერ სადავო კანონი ანტიდემოკრატიულად ევროპულ ღირებულებებთან შეუსაბამოდ შეფასდა, ხოლო ქვეყანას დონორების მიერ გამოყოფილი სხვადასხვა სახის დახმარება შეუწყვიტა.

სადავო კანონი ოთხ თვეზე მეტია მოქმედებს. 17 ოქტომბრის მდგომარეობით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში“ საქართველოში მოქმედი 30 000-მდე ორგანიზაციიდან მხოლოდ 137-ია რეგისტრირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend