მთავარიმსოფლიოჩრდილოეთ კორეა ჩინეთსა და ირანთან რუსეთის მხარდასაჭერად

ჩრდილოეთ კორეა ჩინეთსა და ირანთან რუსეთის მხარდასაჭერად

მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთმა კორეამ მოსკოვს ბალისტიკური რაკეტები მიაწოდა, დასავლური სამყაროსთვის ახალი საკითხი გახდა აქტუალური. უკრაინაში ამბობენ, რომ ფხენიანი რუსულ საოკუპაციო არმიას ცოცხალი ძალითაც აძლიერებს. გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსული არმიის შესავსებად 10 000 სამხედრო გაგზავნეს.

უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეის საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმაც.

4 ოქტომბერს გამოცემა the times წერდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გამოყენებული ჭურვების ნახევარზე მეტი, რაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ჭურვს შეადგენს, ჩრდილოკორეული წარმოებისაა… საუბარია საარტილერიო ჭურვებზე.

დასავლური დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის ჭურვების ნაწილი შეიძლება გაუმართავი იყოს, მაგრამ სწორედ მათი გამოყენებით მიეცა რუსეთს ბრძოლის ველზე, მაგალითად, ვუჰლედარში წარმატების მიღწევის საშუალება.

მიმდინარე წლის ივნისში ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინასთან ომში ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა და ირანი უჭერენ მხარს. როგორც ჩანს, ნატოსთვის სწორედ ეს კავშირი წარმოადგენს უმთავრეს მოწინააღმდეგეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემადგენლობაში 3 ბირთვული სახელმწიფოა. კრემლის პოლიტიკის მომხრე მხარეს ასევე 3 ბირთვული სახელმწიფოა – რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა. ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებაში 5889 ბირთვული ქობინია. ამავე წყაროს მონაცემებით, რაოდენობით მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები. ჩრდილოეთ კორეას ყველაზე ნაკლები 30 ბირთვული ქობინი აქვს. ბირთვული სახელმწიფოების პირველ სამეულში შედის ჩინეთიც.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულ ძალებთან ერთად Copyright Korean Central News Agency/Korea News Service via AP

რა ძალა აქვს ჩრდილოეთ კორეის არმიას…

დასავლური კვლევითი ორგანიზაციების ინფორმაციით, ფხენიანის არმია 10 რეგულარულ, 2 მექანიზებულ, ერთ ჯავშანსატანკო კორპუსთან ერთად 4 მექანიზებულ და ერთ საარტილერიო დივიზიასაც გულისხმობს. სახმელეთო ძალებში კი ჯამში დაახლოებით მილიონი აქტიური სამხედრო მოსამსახურეა. ამას ემატება დაახლოებით 150 ათასი რეზერვისტი. მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის სტრატეგიული შესაძლებლობები. პერიოდულად ფხენიანი ბირთვულ სწავლებებს მართავს და დასავლეთის ბალისტიკური საშუალებებით შანტაჟირებას ცდილობს. სწორედ ბირთვული არსენალია ჩრდილოეთ კორეისთვის ის ძალა, რომელიც გასათვალისწინებელია დასავლური სამყაროსთვის.

როგორ პასუხობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფხენიანისა და მოსკოვის ბირთვულ შანტაჟს – ერთ-ერთი ბოლო ახალი ამბავი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია,  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ მასშტაბური ბირთვული სწავლება STEADFAST NOON-ია.

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ ამ წვრთნების მკაფიო მიზანია, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აჩვენოს, რომ ნატო მზად არის ყველა მოკავშირის დასაცავად.

სრულ სტრატეგიულ სურათს ძაბავს ვითარების ესკალაცია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის. ფხენიანმა ჯერ სეულთან დამაკავშირებელი გზები ააფეთქა, შემდეგ კი სახელმწიფო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ თითქმის მილიონ-ნახევარი ახალწვეული მიიღეს შეიარაღებულ ძალებში და მზად არიან სამხრეთ კორეის გასანადგურებლად.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend