10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს განზრახ უშლის ხელს.
ბუნდესტაგი გერმანიის ფედერალურ მთავრობას მოუწოდებს ევროკავშირის დონეზე დაჟინებით მოითხოვოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ძალაშია.
„ბუნდესტაგი თვლის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღება შეცდომაა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მასობრივი პროტესტის, პრეზიდენტის ვეტოს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ხელისუფლებამ კანონი გაიწვია. კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიის პრინციპებთან. კერძოდ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ცხრაპუნქტიანი რეფორმიდან ორს – სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფასა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ამ კანონის სულისკვეთება რუსული „უცხოური აგენტების კანონის“ შესაბამისია“, – ნათქვამია რეზოლუციაში.