2024 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში სამხრეთკორეელ მწერალ ჰან კანს გადაეცა. მას პრიზი მიენიჭა „მძაფრი პოეტური პროზისთვის, რომელიც ისტორიულ ტრავმას უსწორებს თვალს და ადამიანის სიცოცხლის სიმყიფეს ააშკარავებს“.
53 წლის ჰან კანი პირველი აზიელი ქალი და პირველი სამხრეთკორეელია, ვისაც ამ დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. 1995 წელს გამოიცა მისი სადებიუტო პროზაული კრებული, რომელსაც რამდენიმე რომანი მოჰყვა.
2007 წელს ავტორმა გამოსცა რომანი სახელწოდებით „ვეგეტარიანელი“, რომელიც მოგვიანებით ინგლისურადაც ითარგმნა და 2016 წელს „მან ბუკერის საერთაშორისო პრიზის“ მფლობელი გახდა.