ავტომობილების გაყიდვების რაოდენობის შემცირების გამო ევროპის კონტინენტზე ქარხნების დახურვის საფრთხე სულ უფრო მეტად იზრდება. ევროპარლამენტარებმა დებატები გამართეს საავტომობილო ინდუსტრიის მდგომარეობის შესახებ.
დებატების დროს ევროპარლამენტარებმა იმსჯელეს, თუ როგორ მცირდება მოთხოვნა ევროპულ ელექტროავტომობილებზე. ეს ტენდენცია ჩინელი მწარმოებლების მზარდი კონკურენციის შედეგად გაჩნდა.
ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მაროშ შეფჩოვიჩის თქმით, ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა კოვიდამდელ დონეზე დაბალია, ჩინეთი კი დაწინაურდა და ყველაზე დიდი ბაზარი შექმნა.
მესამე ბაზრებზე ნულოვანი ემისიების ავტომობილებზე გაჩნდა მოთხოვნა. ევროკავშირმა შეიმუშავა მკაფიო ჩარჩო, რომ 2035 წლისთვის ყველა ნულოვანი ემისიის ავტომობილებზე გადავიდეს.
თუმცა კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ 2035 წლისთვის ევროკავშირის მიერ დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და სახსრების გამო
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების“ ჯგუფის წარმომადგენელი ელენა დონაზანი ამბობს, რომ ევროკავშირი აიძულებს ხალხს ელექტრომობილებზე გადასვლას, თუმცა ეს მუდმივად ვერ იქნება. ვერც დადგენილ ვადაში შეძლებენ ამის გაკეთებას. არ არის ქსელის სათანადო ინფრასტრუქტურა. ევროკავშირი არც საკმარის დაფინანსებას გამოყოფს. ელენა დონაზანის თქმით, მოთხოვნაც არაა იმდენი, ეს ძალიან ძვირი ჯდება, რთულია ელექტროავტომობილების გამოყენება და, რაც მთავარია, არც ნაკლებად აბინძურებს გარემოს.
ამ საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა მომავალ საპარლამენტო სესიაზე გაიმართება.