საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიღებამდე გაიმართა დებატები. გამომსვლელების უმრავლესობამ დაგმო და გააკრიტიკა საქართველოს მოქმედი მმართველი გუნდი არადემოკრატიული კანონების მიღებისა და ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, რაც მათი განცხადებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირსა და ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროს. ევროპარლამენტარების განცხადებით, თუ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით, ეს პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა უვიზოდ მიმოსვლაც დაკარგოს და საერთოდ დაემშვიდობოს ევროინტეგრაციას, რადგან ქვეყანა პოლიტიკურად შეუთავსებელი გახდება ევროპულ ღირებულებებთან.
„ის თავის პოლიტიკას ცვლის, რათა უფრო მჭიდროდ იყოს რუსეთთან, კანონებს კი იმისთვის იყენებს, რომ „მილსადენი“ იყოს რუსი ოლიგარქებისთვის. მე ევროპული ინსტიტუტების ნაწილი ვარ. ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არ ვართ, ჩვენ ჩართულები ვართ. ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივეცით და მისი უკან წაღება შეგვიძლია. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია დავუშვით და გაუქმებაც შეგვიძლია. ინდივიდუალური სანქციები გადავდეთ იმ იმედით, რომ საქართველოს მისი ოკუპანტისთვის, რუსეთისთვის, არ დავკარგავდით, მაგრამ ვკარგავთ. დიახ, არ შეგვიძლია, ბრძოლას გავუძღვეთ. ჩვენ პუტინი და მუდამ ყველგან ჩამრევი კრემლი არ ვართ, ეს ქართველი ხალხისა და პოლიტიკოსების საქმეა, ბრძოლას ისინი უნდა გაუძღვნენ. ჩვენ შეგვიძლია მათი დახმარება ბრძოლაში. შეგვიძლია უფრო რთული გავხადოთ რუსეთისთვის გამარჯვება. რამდენი მაგალითი გვაქვს, როდესაც ევროპამ ძალიან დააგვიანა, შეგვიძლია, ერთხელ მაინც დროულები ვიყოთ?” – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ევროპარლამენტარების შეფასებებს პოლიტიკური შეფასებებით უპასუხეს თბილისიდან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს რეზოლუცია ადასტურებს ევროპული სტრუქტურების ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რუსეთს დაუწესონ სანქციები და გაათავისუფლონ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანასა და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ ევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები ამ რეზოლუციით საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირისა და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ რეალურად რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, ევროპარლამენტარებმა ამჯერად არა საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქართველ ხალხს მიმართეს და შეახსენეს, რომ 26 ოქტომბერს ძალაუფლება მათ ხელში იქნება. ხოლო ევროინტეგრაცია ისე გაგრძელდება, როგორც ამას ქართველი ხალხის არჩევანი გადაწყვეტს.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროპა, ევროპული ცივილიზაცია, მთლიანად დასავლური სამყარო მთავარ ფასეულობებზე დგას, როგორებიცაა დემოკრატია ღია, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და კანონის უზენაესობა. „ქართული ოცნება“, რომელიც ამ ფასეულობებს არ იზიარებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ძალაუფლებას დაკარგავს, რა თქმა უნდა, ევროპულ ფასეულობებთან წინააღმდეგობაში მოდის. სწორედ აქედან უნდა ამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რა ტიპის რეზოლუცია შეიძლება იყოს მიღებული და თუნდაც, გუშინდელი დებატებიც ადასტურებს იმას, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დაპაუზებულია და ასე იქნება მანამ, სანამ „ქართულ ოცნებას“ სახლში არ გავუშვებთ, ოპოზიციაში არ გადავიყვანთ და ხელისუფლებას არ ჩამოვაშორებთ.
ყველაფერი ძალიან მარტივდება, ან სიღატაკე იზოლაციაში, ან კეთილდღეობა და განვითარება ევროპასთან ერთად – ეს არის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა.
ევროპარლამენტარების ხმათა უმრავლესობით მიღებული დოკუმენტი ევროკომისიას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. თუმცა ევროკომისიას შეუძლია, არ გაიზიაროს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკომისია რეზოლუციით გათვალისწინებული პუნქტების ასამოქმედებლად და როდის, ეს ჯერ უცნობია. მანამდე კი, ევროპარლამენტის რეზოლუცია სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.
ალეკო გვეტაძე